საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.
საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა მაგალითად - „უცხოური გავლენის აგენტი,“ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად.