საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026 - პირველი სესია გაიმართა

22 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, სერტიფიცირებული კურსის - „საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“ - პირველი სესია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და CLDP-ის საერთაშორისო პროგრამების სპეციალისტმა, ივან გუბარევმა.

სამდღიან სასწავლო სესიას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები - ირაკლი ყანდაშვილი, პიტ სვანსონი და სიმონა ფრუმენი - უძღვებოდნენ.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) საფუძვლები, მედიაციის ძირითადი პრინციპები, ეფექტიანი მედიაციური დათქმების შემუშავების პრაქტიკა, ადვოკატის როლი მედიაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე, მედიაციისწინა სტრატეგიის დაგეგმვა და მომზადება, მათ შორის BATNA-სა და WATNA-ს შეფასება და კლიენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია. ასევე, განხილულ იქნა კომერციული და საინვესტიციო მედიაციის თავისებურებები, შესავალი სიტყვის (Opening Statement) მომზადების ტექნიკა, სამართლებრივი საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული თემები.

„საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“-ის მეორე სესია 28-30 ივნისს გაიმართება.

პროექტის მიზანია ახლად გაწევრიანებული ადვოკატებისა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისათვის მედიაციის მიმართულებით როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც მათ პროფესიულ საქმიანობაში მედიაციის შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი