ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 16 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, NYSBA-ში ოფიციალურად დაფუძნდა საქართველოს სექცია, რომლის თავმჯდომარედ NYSBA აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი, ხოლო თანა-თავმჯდომარედ აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი ჭეხანი დაამტკიცა.
ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის საქართველოს სექციაში გაწევრიანების წესები და პირობები ამჟამად თანხმდება აღმასრულებელ კომიტეტთან და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სექციის ფარგლებში, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები და სხვა სახის ღონისძიებები, რაც ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ამერიკულ პრაქტიკას, გამოცდილებას და ამერიკელ კოლეგებთან დაამყარონ მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა.