მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადვოკატებისთვის, როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო სპეციალიზაციის სტანდარტი.
შესაბამის სპეციალიზებულ კურსებში მონაწილეობის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რომ აღნიშნულ სფეროში მუშაობის მსურველ ადვოკატებს სპეციალიზაციის მიღების პროცესში არ შეექმნათ დაბრკოლება, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და დარგის ექსპერტების ჩართულობით, შევიმუშავეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა (სისხლის სამართალი) და ბავშვის უფლებების (სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალი) სპეციალიზებული კურსების ონლაინ მოდულები.
შესაბამისად, სპეციალიზაციის მიღების მსურველი ასოციაციის წევრები როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ასევე ბავშვის უფლებების სპეციალიზებული კურსების გავლას შეძლებენ მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს ადვოკატის პორტალის საშუალებით. აღნიშნული ონლაინ კურსები სრულად აკმაყოფილებს სპეციალიზაციისთვის დადგენილ სტანდარტებს.
ონლაინ კურსის გავლის შემდგომ, აუცილებელია ადვოკატმა ჩააბაროს კურსისთვის განსაზღვრული ტესტირება, რომელიც თვეში ერთხელ დაიგეგმება და მონაწილეობა შეეძლება მხოლოდ იმ ადვოკატს, რომელსაც სპეციალიზაციის კურსი სრულად ექნება გავლილი. სპეციალიზებული კურსის ტესტირებაზე რეგისტრაციას შეძლებთ ადვოკატის პორტალზე განთავსებული კალენდრიდან, სპეციალიზაციის შესაბამისად.
ადვოკატს შესაბამისი სპეციალიზაცია მიენიჭება სპეციალიზებული კურსის სრულად და კურსის ტესტირების წარმატებით გავლის საფუძველზე.
სპეციალიზაციის კურსების გასავლელად ეწვიეთ ადვოკატის პორტალს.
სპეციალიზაციის კურსების გავლის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.