30 აპრილს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. კერძოდ, ასოციაციის მიერ ნომინირებული წარმომადგენლები ჩართვებიან სამართლის მიმართულებით დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, ანალიზის და სრულყოფის პროცესში;
ასოციაცია განახორციელებს ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსში დამსაქმებლის კვოტით შესაყვან კანდიდატთა მოძიებას, ცენტრისთვის წარდგენას და ცენტრთან მათი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ჩამოაყალიბებს ხარისხის სერტიფიკატს - „მოწონებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ“, რაც ხელს შეუწყობს სამართლის პროგრამის სტუდენტების მიერ ადვოკატის პროფესიისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას.