ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია! ევროპის საბჭომ ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა!

20 მარტი 2025

2025 წლის 12 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა. 

შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭომ ადვოკატთა საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების ფონზე მიიღო, კერძოდ, როგორებიცაა შევიწროება, მუქარა, ფიზიკური თავდასხმა თუ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ჩარევა და სხვ.

კონვენცია ვრცელდება, როგორც ადვოკატებზე, ასევე, მათ პროფესიულ გაერთიანებებზე, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ ადვოკატთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.
კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, შევიწროების, დაშინების ან პროფესიულ საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარეშე. 

ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და გაძლიერების გზით ხელს უწყობს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და ადვოკატთა როლის აღიარებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, კონვენცია ადგენს მონიტორინგის ეფექტიან  მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს  მის აღსრულებას, გააანალიზებს კონვენციის დარღვევებს, შეისწავლის ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების შემთხვევებს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მივესალმებით და მტკიცედ ვჭერთ მხარს ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მიღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც აღნიშნულ კონვენციას ხელს მოაწერს და მოახდენს მის რატიფიცირებას. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი