ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის დებულების (შემდგომში - დებულება) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინტერესთა გამოხატვის პროცესს აცხადებს.
ინტერესთა გამოხატვის პროცესის მიზანია, დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, კვალიფიციური ორგანიზაციის/ინსტიტუტის გამოვლენა და მისთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება სამართლის შემდეგ დარგებში სპეციალიზირებული კურსების განხორციელებისთვის:
- უძრავი ქონების სამართალი;
- შრომის სამართალი;
- საბანკო და კაპიტალიზაციის ბაზრის სამართალი;
- სამეწარმეო სამართალი;
- სამედიცინო სამართალი;
- საგადასახადო სამართალი;
- სამშენებლო და საარქიტექტორო სამართალი;
- ეკონომიკურ დანაშაულთა სამართალი.
ინტერესთა გამოხატვის პროცესის საფუძველზე შერჩეულ ორგანიზაციას/ინსტიტუტს, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება ინსტიტუციური აკრედიტაცია და დებულების შესაბამისად, ასოციაციასა და აკრედიტირებულ ორგანიზაციას/ინსტიტუტს შორის გაფორმდება 5 წლიანი ხელშეკრულება.
აკრედიტირებული ორგანიზაცია/ინსტიტუტი ვალდებული იქნება ზემოაღნიშნულ სამართლის დარგებში ასოციაციის წევრებისთვის განახორციელოს სპეციალიზირებული კურსები, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით დადგენილი წესებისა და ასოციაციასა და აღნიშნულ ორგანიზაციას/ინსტიტურს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ინსტიტუციური აკრედიტაციისა და სპეციალიზირებული კურსების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაეცნოთ - დებულებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ორგანიზაციის/ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს სამართლის სფეროში აკადემიური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების ჩატარება;
- ორგანიზაცია/ინსტიტუტი უნდა სარგებლობდეს ნდობითა და რეპუტაციით;
- ორგანიზაციას/ინსტიტუტს უნდა ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის აკადემიური პერსონალი;
- შენიშვნა: იქედან გამომდინარე, რომ ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის ქართული სისტემა ეფუძნება ადვოკატთა ვიწრო სპეციალიზაციის გერმანულ მოდელს (Fachanwalt), აღნიშნული სისტემის ასოციაციაში წარმატებით დანერგვის მიზნით, განაცხადების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი გამოცდილების მქონე იმ ორგანიზაციას/ინსტიტუტს, რომელსაც აქვს მჭიდრო თანამშრომლობა იმ ქვეყნის/ქვეყნების მსგავსი პროფილის ორგანიზაციებთან, სადაც ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული ვიწრო სპეციალიზაციის სისტემა.
წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია:
- ორგანიზაციის/ინსტიტუტის სადამფუძნებლო დოკუმენტები;
- კვალიფიკაციის წერილობითი მიმოხილვა (არაუმეტეს 500 სიტყვისა). გთხოვთ, ყურადღება გაამახვილეთ იმ გარემოებებზე, რაც გამოარჩევს თქვენს ორგანიზაციას ამ კონკურსით გათვალისწინებული მიზნებისთვის;
- ზემოაღნიშულ თითოეულ დარგში ადვოკატთა სპეციალიზირებული კურსის შინაარსისა და სტრუქტურის თაობაზე ხედვა/მონახაზი. არაუმეტეს 300 სიტყვისა თითოეულ დარგზე;
- ორგანიზაციის/ინსტიტუტის ხელმძღვანელის/ების ბიოგრაფია;
- თითოეულ დარგზე შემოთავაზებული აკადემიური პერსონალის ბიოგრაფიები;
- აკრედიტაციის მიღებასთან დაკავშირებული ერთჯერადი ფიქსირებული გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დებულება, მუხლი 8.5).
ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (საიდენტიფიკაციო კოდი: 202 255 692)
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ანგარიშის N: GE59BS0000000000134028
ბანკის კოდი: CBASGE22
დანიშნულება: დარგობრივი სპეციალიზაციის ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასური
გთხოვთ, წინამდებარე დოკუმენტები გამოაგზავნოთ ასოციაციის სასწავლო ცენტრში შემდეგ ელ-ფოსტაზე არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა: s.tkeshelashvili@gba.ge
აუცილებელია ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ - ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაცია.