ვილნიუსში ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

24 მაისი 2022

18-21 მაისს, ვილნიუსში, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (International Bar Association/IBA) მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი მონაწილეობდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში, მმართველმა საბჭომ IBA-ის ხელმძღვანელობის ანგარიშები მოისმინა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელა, მათ შორის - ადვოკატის უფლებებისა და ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. მმართველი კომიტეტის შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი და უკრაინის მხარდასაჭერად ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადასადგმელი დამატებითი ნაბიჯები წარმოადგენდა.  

მმართველი საბჭოს შეხვედრების პარალელურად, დავით ასათიანმა მონაწილეობა მიიღო IBA-ის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში, რომლის წევრადაც ის 2021 წლის მარტში აირჩიეს. პოლიტიკის კომიტეტი მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა - ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვა, ასევე, იურიდიული პროფესიის ინტერესების მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით.

IBA ადვოკატების, ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1947 წელს დაარსდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან მალევე. IBA-ის მიზანია, წვლილი შეიტანოს გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში მართლმსაჯულების განხორციელების გზით. IBA აერთიანებს 190-ზე მეტ ადვოკატთა ასოციაციასა და 80 ათასზე მეტ ადვოკატს მსოფლიოს მასშტაბით.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი