ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში ეთიკის კომისიის სხდომებისთვის განკუთვნილ ერთერთ დარბაზს გიორგი ტურაზაშვილის სახელი მიენიჭა.
დარბაზი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გიორგი ტურაზაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა.
გიორგი ტურაზაშვილი 2022 წლის 25 დეკემბერს 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. 2023 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით კი მას ადვოკატის ღირსების ორდენი მიენიჭა.
გიორგი ტურაზაშვილი 22 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას. იგი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებში. იყო მენტორი ადვოკატი და ლექტორი.
გიორგი ტურაზაშვილი იყო არაერთი მოწვევის ეთიკის კომისიის წევრი და სხვადასხვა დროს - თავმჯდომარე.
გიორგი ტურაზაშვილი 2021 წელს საერთო საარჩევნო კრებამ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეორე ვადით აიჩია.
2022 წელს ადვოკატთა ასოციაციამ გიორგი ტურაზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატად დაასახელა.