დავით ასათიანმა ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა 53-ე კონფერენციაზე იურიდიული პროფესიის როლზე ისაუბრა

11 მარტი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვენაში გამართულ ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა 53-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დავით ასათიანი ღონისძიებაში მონაწილეობდა როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ასევე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი.

კონფერენციის მთავარი თემა იყო: “დერეგულირება და სამართლის უზენაესობა: შესაძლებლობა თუ საფრთხე?”

დავით ასათიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა  და ხაზი გაუსვა იურიდიული პროფესიების როლის გაძლიერების განსაკუთრებულ აუცილებლობას სამართლის უზენაესობის იმ გამოწვევათა ფონზე, რომელმაც დღევანდელ მსოფლიოში მრავლად იჩინა თავი. ასათიანმა აღნიშნა, რომ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ადვოკატთა პროფესიული სოლიდარობა საერთაშორისო დონეზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

„მაშინ, როცა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზოგადოებები მკვეთრად პოლარიზებულია, პოლიტიკური პოპულიზმი მოდად არის ქცეული, ხოლო, მასობრივი მედია, განსაკუთრებით სოციალური პლატფორმები ვერ უძლებენ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ძლიერ შემოტევას, ხდება უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებების ნიველირება, და ამ დროს სწორედ ადვოკატები რჩებიან იმ პროფესიის წარმომადგენლებად, რომელთა პირდაპირი პასუხისმგებლობაა ღირსეულად და შეუპოვრად იბრძოლონ სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის იდეალების გადასარჩენად, რათა ეფექტიანად იქნას დაცული ადამიანის უფლებები და სამართლებრივი წესრიგი.“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

ევროპის ადვოკატთა გაერთიანებების პრეზიდენტთა კონფერენცია (EPK) ევროპის იურიდიულ პროფესიათა ტრადიციადქცეული პრესტიჟული ფორუმია, რომელიც 1972 წლიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი