1-ელ მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტთა 47-ე წლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სამართლის უზენაესობის თემას მიძღვნა და მას ავსტრიის იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროკომისიის წარმომადგენლობა და 50-ზე მეტი ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დაესწრო.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დამოუკიდებელი და ძლიერი ადვოკატურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მე პირადად და იურიდიული პროფესია საქართველოში კვლავაც გავაგრძელებთ ბრძოლას ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატურის გასაძლიერებლად, ისევე როგორც ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ, ამ ბრძოლაში იქნება მომენტები, როდესაც საქართველოს იურიდიულ პროფესიას ჩვენი დიდი ოჯახის - ევროპელი ადვოკატების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რისი იმედიც ჩვენ ყოველთვის გვაქვს" - განაცხადა დავით ასათიანმა.