განცხადება ასოციაციის შენობასთან დაკავშირებით

11 დეკემბერი 2025

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის - მუხრან ღურწკაიას მიერ საჯაროდ გავრცელებულ აბსურდულ და მანიპულაციურ განცხადებებს ასოციაციის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის ნებისმიერი ქონების შეძენის, გასხვისების, მშენებლობის ფინანსირების, ექსპლუატაციაში მიღებისა და ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი, როგორც ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტული წლების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნებში, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ ქვემოთ მოცემულ კონსოლიდირებულ ინფორმაციას.

ასოციაციის შენობის საკუთრების თაობაზე:
2018 წლის სექტემბერში, იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის იმჟამინდელი ინფრასტრუქტურული ბაზა (თბილისი, ზუბალაშვილები ქ. #33 და #36) ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა ასოციაციის აუცილებლობებს, არ შეესაბამებოდა ადვოკატთა გაზრდილი რაოდენობისათვის ტრენინგებისა თუ სერვისების მიწოდების მოთხოვნებს, იყო ნაწილობრივ ამორტიზირებულ და სავალალო მდგომარეობაში, აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მატერიალური ბაზის განვითარებისა და ახალი ოფისის მშენებლობის თაობაზე, რა მიზნითაც ასოციაციამ ერთპიროვნულად, 100%-იანი მონაწილეობით დააფუძნა ა(ა)იპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრი” (ს/ნ 404564681), რომლის გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ იმჟამად მოქმედი აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ასოციაციის აპარატის ხელმძღვანელი პირები (ახალი მმართველი ორგანოების არჩევის შემდეგ, ასოციაცია მარტივად მოახდენს ა(ა)იპ-ის გამგეობის ცვლილებას).   

ახალი ინფრასტურქტურის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის ინტენსიური მოკვლევის შედეგად, მოძიებულ იქნა ასოციაციის მიზნებისათვის შესაბამისი მიწის ფართი სოფელ დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, რომელიც იმ დროისათვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის #2473 განკარგულებით, ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცა 4547 კვ.მ. (ს/კ 01.72.14.055.112) და 528 კვ.მ. (ს/კ 01.72.14.055.113) მიწის ნაკვეთები, იმ პირობით, რომ მასზე აშენდებოდა არანაკლებ 1200 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, მხოლოდ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის მიზნით, ადვოკატთა ასოციაციის არსებობის ვადით.   

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობა უნდა განეხორციელებინა ასოციაციას საკუთარი სახსრებით და ამასთან, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის #2473 განკარგულებით, შენობა-ნაგებობით უსასყიდლოდ უნდა ესარგებლა მხოლოდ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, 2019 წლის თებერვალში აღმასრულებელი საბჭოს ერთხმივი გადაწყვეტილებით,  ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრმა“ (რომლის ერთადერთი, 100%-იანი დამფუძნებელი თავად ასოციაციაა), აღნიშნული მიწის ნაკვეთები უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა ასოციაციას 99 წლის ვადით (სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა). 

აქვე, სამწუხაროა, რომ იურისტისთვის გვიწევს აღნაგობის უფლების სამართლებრივი ბუნების ახსნა, თუმცა საზოგადოების ინფორმირებისათვის დამატებით განვმარტავთ, რომ: „მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას (ამ შემთხვევაში ასოციაციას) ჰქონდეს ამ ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება“ (სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლი). ამასთან, „აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის (ამ შემთხვევაში ასოციაციის) საკუთრებად“ (სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლი). 

დასკვნა, დღეის მდგომარეობით, ასოციაციის საკუთრებაშია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური 1750 კვ.მ.-ის, საოფისე შენობა-ნაგებობა, ხოლო მიწის ნაკვეთები რაზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობა, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის“ სახელზე, რომელი ა(ა)იპ-ის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი მონაწილე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა.   

მშენებლობის ფინანსირების თაობაზე:
თბილისში, სოფ. დიღომში, თინათინ ვირსალაძის 1-ლი ჩიხი #1 მდებარე ასოციაციის სათაო ოფისის მშენებლობა განხორციელდა სრულად ასოციაციის ფინანსებით, რომელიმე დონორი ორგანიზაციის, დაწესებულების ანდა სხვა პირის მხრიდან თანადაფინანსების გარეშე.

ოფისის მშენებლობა განხორციელდა თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე ასოციაციის საკუთრებაში არსებული  2 უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლითა და საბანკო სესხით. მშენებლობის სრულმა ღირებულებამ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მომენტისათვის შეადგინა - 4,332,269 ლარი. ასოციაციის მიერ ოფისის მშენებლობა განხორციელდა სამშენებლო ღირებულების, ბაზრის ფასთა კვლევისა და კომერციული წინადადებების მიღებისა და განხილვის საფუძველზე, აღმასრულებელი საბჭოს მიერ სპეციალურად ამისათვის შექმნილი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებათა შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული ტენდერის გამოცხადების გარეშე. 

აქვე, კვლავ სამწუხაროა, რომ იურისტისთვის გვიწევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონზე მითითება, რომლის მე-3 მუხლის, 1-ლი პუნქტის, „ა.ზ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასოციაცია, როგორც წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი საჯარო კორპორაცია, არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ სუბიექტს და არ მონაწილეობს ელექტრონულ თუ კონსოლიდირებულ სახელმწიფო ტენდერებში. 

ახალი ოფისის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, აღმასრულებელი საბჭოს ერთხმივი გადაწყვეტილებებით აღებულ იქნა საბანკო სესხი და გასხვისებულ იქნა ასოციაციის საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონება თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ. #11 (ძველი #33) და #36:

1. თბილისი, ზუბალაშვილების ქ. #36 (დაზუსტებული ფართობი: 402,56 კვ.მ.); შეძენის თარიღი: 10.06.2011 წელი; შეძენის ღირებულება 200,000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გასხვისების თარიღი - 13.11.2019 წელი; გასხვისების ღირებულება - 483,072.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ს/კ 01.15.05.012.001.03.502 და 01.15.05.012.001.01.547). ამასთან, აღნიშნული ქონება გასხვისდა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 29.05.19 წლის შეფასებით დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად. 

2. თბილისი, ზუბალაშვილების ქ. #11 (დაზუსტებული ფართობი: 210 კვ.მ.); შეძენის თარიღი: 21.10.2015 წელი; შეძენის ღირებულება - 130,000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გასხვისების თარიღი - 14.09.2022 წელი; გასხვისების ღირებულება - 310,000.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ს/კ 01.15.05.011.003.01.013 და 01.15.05.011.003.01.016). ამასთან, აღნიშნული ქონება გასხვისდა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 05.08.22 წლის შეფასებით დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად. 

3. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, 05.08.2021 და 22.12.2023 წელს ასოციაციის მიერ ბანკიდან აღებულ იქნა სესხი ჯამში: 1,420,000 ლარის ოდენობით. სესხის აღება მოხდა, ასოციაციის სათაო ოფისი (დიღომი) მშენებლობისა (1,300,000 ლარი) და ასოციაციის ბიუჯეტით გათვალისწინებული საოპერაციო ხარჯების (120,000 ლარი) დასაფინანსებლად, რაც დეტალურადაა ასახული კონკრეტული წლების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნებში, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დღეის მდგომარეობით, ბანკის მიმართ დარჩენილი დავალიანება შეადგენს 1,015,282 ლარს, რომელიც შეფერხების გარეშე იფარება ასოციაციის ყოველწლიური ბიუჯეტის ოპტიმალურად დაგეგმვის შედეგად. 

ასევე, იმ გავრცელებულ ცილისწამებაზე, რომ ვითომ ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრი“ საიჯარო ქირას თუ რაიმე სარგებელს იღებს ასოციაციისგან. ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრს“ დაფუძნების დღიდან   შემოსავლის სახით მიღებული აქვს მხოლოდ - 11 450 ლარი, რომელიც გაიხარჯა 2023 წელს საპრივატიზაციო და ქონების ექსპლუატაციაში მიღებისათვის საჭირო აუდიტორული მომსახურებისათვის. გარდა აღნიშნული შემოსავლისა ა(ა)იპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრს“ არანაირი შემოსავალი არ მიუღია და შესაბამისად, არანაირი ხარჯი არ გაუწევია.

დაბოლოს, მიუხედავად წინასაარჩევნოდ გაჟღერებული აბსურდული და ცილისმწამებლური ბრალდებებისა, ასოციაცია და საქართველოში დღეს მოქმედ ადვოკატთა თაობა ვამაყობთ, რომ ქართული იურიდიული პროფესიის არსებობის 105 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველებმა შევძელით ქართული ადვოკატურის თანამედროვე და ტექნოლოგიური სათაო ოფისის აგება, რომელიც უკვე იქცა და მომავალშიც უპირობოდ იქნება ყველა ადვოკატის საერთო სახლი. 

ერთად გავაძლიეროთ ჩვენი პროფესია! 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი