21-22 სექტემბერს, კახეთის რეგიონში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით ბენჩ-ბარის (მრგვალი მაგიდის) ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ეკატერინე ქარჩხაძემ და იუსტიციის სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.
იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები მუდმივად იმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით. მოსაზრებათა გაზიარება, პრობლემატური საკითხების სხვადასხვა რაკურსიდან წარმოჩენა, სამართალწარმოების მონაწილე პირთა შეხედულებების გამოვლენა და შედეგად - პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების განსაზღვრა, სამართალწარმოების ეფექტიანად წარმართვის სტრატეგიების განხილვა ორიენტირებულია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების გაუმჯობესებაზე.