საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად დაკომპლექტებულმა მუდმივმოქმედმა კომიტეტებმა აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყეს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში კომიტეტების წევრებმა პირველი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს, რომლის მიზანი იყო კომიტეტების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმება.
მიმდინარე კვირაში პირველი სამუშაო შეხვედრები გაიმართა შემდეგი კომიტეტების ფარგლებში:
- ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი,
- უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტი,
- სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხთა კომიტეტი,
- ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი,
- საგადასახადო სამართლის კომიტეტი და
- ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტი.
შეხვედრების ფარგლებში კომიტეტების წევრებმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სხვადასხვა პროფესიული ინიციატივის დამუშავება დაიწყეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი სფეროების განვითარებისა და პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.ინიციატივები და სამუშაო მიმართულებები კომიტეტების წევრებს შორის მათი პროფესიული გამოცდილებისა და ინტერესების გათვალისწინებით გადანაწილდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების სტრუქტურა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისში იფუნქციონირებს 40 მდე, ხოლო რეგიონებში 14 მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომლებიც სხვადასხვა სამართლებრივი მიმართულებით იმუშავებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ კომიტეტების დაკომპლექტების პროცესი კვლავ გრძელდება და კომიტეტების წევრობის მსურველ ადვოკატებს განაცხადების წარმოდგენა 1 აპრილამდე შეუძლიათ.
იხ.ბმული.




