საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რობერტ გერშნერი. ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა რობერტ გერშნერმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.
თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. მან ასევე ის მნიშვნელოვანი პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებას ასოციაცია ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნით გეგმავს.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ავსტრიის ელჩს უფასო იურიდიული დახმარების საქართველოს კანონში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევები და აღნიშნულ საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის დაცვის სტანდარტის ხელშეუხებლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მზადყოფნა დაადასტურეს და მომავალში ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.




