ძვირფასო ადვოკატებო,
მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ და პენიტენციურ სისტემაში გატარებულმა უსაფრთხოების ზომებმა, რიგ დაწესებულებებში გაართულა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შესახვედრად ადვოკატთა შესვლის პროცედურა. კერძოდ, ადვოკატებს უწევთ ხანგრძლივი დროით რიგში მოცდა, რაც უარყოფითად აისახება დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებაზე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ზემოაღნიშნული პრობლემის წარმოშობის დღიდან, აქტიურად მუშაობს პენიტენციურ სამსახურთან, რომ შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც გადაჭრის სირთულეებს, რაც პენიტენციურ დაწესებულებებში (განსაკუთრებით N8, N5 და N2 დაწესებულებები) ადვოკატების შესვლას უკავშირდება.
სხვადასხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ, მიმდინარეობს მსჯელობა სპეციალურად ადვოკატებისთვის შეიქმნას ონლაინ (ინტერნეტ) პორტალით დაჯავშნის სისტემა, რომლის საშუალებით, ადვოკატები შეძლებენ წინასწარ ჩანიშნონ თარიღი, დრო და ვიზიტის ხანგრძლივობა პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, ამავე მექანიზმის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ადვოკატის გადაუდებელი შესვლის საჭიროებაც. კერძოდ, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრისთვის გამოყოფილი სივრცეების ნაწილი დაეთმობა გადაუდებელი შესვლის საჭიროებას, რაზეც იმოქმედებს მოცდის დღეს მოქმედი წესები. დარჩენილი სივრცეები კი დაეთმობა წინასწარ დაგეგმილ ვიზიტებს, რომელსაც ადვოკატი ონლაინ პორტალის საშუალებით წინასწარ დაჯავშნის; აღნიშნული კი, თავის მხრივ, შეამცირებს იმ ადვოკატების რაოდენობას, რომელთაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ რიგში მოცდა.
იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაციამ გააგრძელოს აღნიშნული მექანიზმის შემდგომი განხილვა და დამუშავება, გვსურს, გავეცნოთ და გავითვალისწინოთ წევრთა მოსაზრებები, შენიშვნები თუ კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამისთვის, გთხოვთ, 21 აგვისტოს 18:00 საათამდე შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფორმა: https://bit.ly/3gI72pg
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!