18 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ტურნირი გაიმართება ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობა ასოციაციის მოქმედ წევრებს შეუძლიათ.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდება. თითოეული პარტიისათვის განკუთვნილი იქნება 10 წუთი, რომელსაც თითოეულ სვლაზე 5 წამი დაემატება.
პარტიებს მეთვალყურეობას გაუწევს ჭადრაკის ფედერაციის მიერ დანიშნული არბიტრი.
ტურნირში 5 ძირითადი და 5 სარეზერვო მოთამაშე გამოვლინდება, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციის გუნდს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დააკომპლექტებენ. ასოციაციის ძირითადი გუნდი საქართველოს კორპორატიულ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2023 წლის 25-26 ნოემბერს თბილისში, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.
ტურნირი ფიდე-ს წესებით ჩატარდება, ხოლო, მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შესაძლებელია განხორციელდეს პარტიების ფორმატის კორექტირება ან/და ტურნირის ფორმატის კორექტირება ჭადრაკის ფედერაციასთან კონსულტაციით.
იმ შემთხვევაში თუ ტურნირის შედეგების მიხედვით, ძირითად ხუთეულში დაფიქსირდება ორი ან მეტი ისეთი მოთამაშე, რომელსაც აქვს 2000-ზე მეტი ოფიციალური რეიტინგი კლასიკური ან სწრაფი ჭადრაკის ფორმატში, მათ შორის გადათამაშება დაინიშნება ერთი მონაწილის გამოსავლენად, რამდენადაც საქართველოს ჩემპიონატზე დაშვებულია მხოლოდ 1 მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშის მონაწილეობა.
თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა (tie break) განხორციელდება შემდეგნაირად:
1. ურთიერთშეხვედრები
2. ბუჰგოლცი - 1 (უდაბლესის გამოკლებით)
3. ბუჰგოლცი ( ყველა მეტოქის ქულათა ჯამი)
4. მოგებების რაოდენობით
5. პროგრესით (რეგრესით)"
ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 10 ნოემბრის 18:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია.
ტურნირთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები დარეგისტრირებულ პირებს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პირადად გეცნობებათ.
გისურვებთ წარმატებას!