საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ამიტ კუმარ მიშრა.
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში სანდო, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.
ირაკლი ყანდაშვილმა ინდოეთის ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები და პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ადვოკატთა პროფესიულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, გამოცდილების გაზიარებასა და ორ ქვეყანას შორის პროფესიული კავშირების გაძლიერებას.




