ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

3 თებერვალი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონულ პორტალთან დაკავშირებულ დეტალებსა და იმ პროცედურებს, რომლებსაც ადვოკატი დაწესებულებაში შესვლისას გადის.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი პირადად დაესწრო დაწესებულებაში შესვლისას ადვოკატის მიერ გასავლელი პროცედურების მიმდინარეობას. 

„იმისთვის, რომ ადვოკატის საქმიანობის პირობები იყოს მაქსიმალურად მოქნილი და ეფექტიანი, პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები პირადად განვიხილე ბატონ რამაზთან, მათ შორის ის გამოწვევები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც თავად ადვოკატებმა მომაწოდეს. საუბარი შეეხო დაწესებულებაში შესვლისას გასავლელ კონტროლის პროცედურებს, მათ შორის ტექნიკურ შემოწმებებს, ასევე ელექტრონული პორტალით ჯავშნის სისტემას, რომელიც უკვე წლებია ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ფუნქციონირებს. გამოიკვეთა გარკვეული შეფერხებები, მათ შორის შუადღის საათებში დაჯავშნილ დროს პატიმრების დაგვიანებული გამოყვანა ადვოკატთან შეხვედრისთვის. მივიღე დასტური, რომ აღნიშნულ საკითხებზე დაწესებულების მხრიდან კონტროლი გაძლიერდება. ეს მნიშვნელოვანია, რათა ადვოკატის კლიენტთან ვიზიტისას დაცული იყოს მისი პროფესიული ღირსება და უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამუშაო გარემო,“ განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ პირად კომუნიკაციაზე, რათა ნებისმიერი გამოვლენილი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, ადვოკატთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათზე დაუყოვნებელი რეაგირება იყოს უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით შექმნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებს და ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას უზრუნველყოფს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი