საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ბატონი ფაიგ გულიევი.
სამუშაო შეხვედრაზე ელჩმა გულიევმა ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ელჩმა ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის როლს ქვეყანაში სანდო და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში და აღნიშნა, რომ ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, წარსულში, როგორც მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება, საქართველოსა და აზერბაიჯანის საადვოკატო პროფესიებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ირაკლი ყანდაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს სტუმრობისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის საადვოკატო პროფესიების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ორმხრივი ჩართულობის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.




