საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და დონორებთან კოორდინაციის პროგრამის მენეჯერი, ანე ბრიგიტე ჰენსენი ესტუმრნენ. დიპლომატებს ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა ახლადაშენებული ოფისი დაათვალიერებინეს და ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირის როლი ასოციაციის შემდგომ განვითარებასა და იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ადვოკატთა ასოციაციის როლზე აღნიშნულ პროცესში. ამასთან, საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
ევროკავშირის ელჩმა ადვოკატთა ასოციაციას მხარდაჭერა აღუთქვა და ურთიერთთანამშრომლობის ის ფორმები მიმოიხილა, რომლითაც ადვოკატთა ასოციაცია და ევროკავშირის წარმომადგენლობა მამავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების პაკეტის საქართველოს ანგარიშის შედგენის პროცესში ასოციაციის აქტიური ჩართულობის მიმართულებით.