ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

17 აგვისტო 2026

საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივმართავთ ადვოკატებს, სამართლებრივი პროცესების მონაწილე პირებსა და საზოგადოებას, გამოიჩინონ სიმშვიდე, თავშეკავება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა ამა თუ იმ სამართლებრივი ფაქტების შეფასებისა თუ განსჯისას.

სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე ინსტიტუტებისა და პროფესიული რგოლების პატივისცემა. ამ სისტემაში ადვოკატს განსაკუთრებული ადგილი უკავია.  იგი არის დამოუკიდებელი პროფესიის წარმომადგენელი, რომლის დანიშნულებაა ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა კანონით დადგენილი საშუალებებით.

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციაში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას.

შესაბამისად, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს ადვოკატის პროფესიას, მის დამოუკიდებლობასა და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას. ადვოკატის მიერ კონკრეტული პირის -  დაზარალებულის, ბრალდებულის, მოსარჩელის, მოპასუხის თუ პროცესის სხვა მონაწილის ინტერესების დაცვა და ამ დაცვის დროს ადვოკატის მხრიდან დაცვის სტრატეგიის არჩევა არ ნიშნავს კლიენტის ქმედების ან შეხედულებების პირადად გაზიარებას. ადვოკატი ასრულებს კანონითა და პროფესიული მანდატით განსაზღვრულ ფუნქციას, ემსახურება მისი კლიენტის საუკეთესო ინტერესს, მისი კლიენტის კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, რაც თუ კანონს არ არღვევს, არავის შესაფასებელი და გასაკრიტიკებელ საკითხს არ წარმოადგენს, ხოლო პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ადვოკატის მხრიდან მისი საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, ყოველგვარი ზეწოლის თუ „ბულინგის“ გარეშე  სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებელი გარანტიაა, ხოლო მეორე მხრივ, მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლას დანაშაულად აცხადებს და მსგავსი ქმედება დასჯადია მოქმედი კანონმდებლობით.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა განუყოფელია მისი პასუხისმგებლობისგან. ადვოკატს ეკისრება ვალდებულება, პატივი სცეს კანონს, სასამართლოს, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, კოლეგებს, პროცესის მონაწილეთა ღირსებას, უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოსა და პროფესიული ეთიკის მოთხოვნებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სამართლებრივი დავების სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეში განხილვის მზარდი პრაქტიკა საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა, თუმცა მისი განხორციელება ვერ ჩაანაცვლებს მართლმსაჯულებას და ვერ გახდება კონკრეტული სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი. სოციალური ქსელი არ არის სასამართლო, ხოლო საზოგადოებრივი აზრი  სასამართლოს განაჩენი ან გადაწყვეტილება, თუმცა მსგავსი ფორმატი ფაქტია, ბიძგს აძლევს საზოგადოების დაბნევას, პროფესიისადმი სიძულვილის ენით საუბრის წახალისებას, რადგან საზოგადოებას არ მოეთხოვება კანონმდებლობის ცოდნა და საზოგადოება პირადი პრეფერენციებით ახდენს საჯაროდ ამა თუ იმ საკითხისადმი პოზიციონირებას, რაც ხელოვნურად იწვევს პროფესიისადმი უსწორო მიდგომას და დაძაბულობას, რასაც პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა მივაქციოთ ყურადღება და მსგავსი შესაძლო რისკები გავითვალისწინოთ, თავად არ შევუწყოთ ხელი უსწორო მიდგომების დანერგვას, რაც საბოლოოდ ვნებს პროფესიას და მის რეპუტაციას.

დაზარალებულის, ბრალდებულის, მოსარჩელის, მოპასუხისა თუ ნებისმიერი სხვა პროცესის მონაწილის მიმართ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების კანონით დადგენილი ფორმით სრულყოფილად გამოკვლევამდე კატეგორიული შეფასებების, წინასწარი დასკვნებისა და საზოგადოებრივი „განაჩენის“ ფორმირება ქმნის სტიგმატიზაციის, რეპუტაციული ზიანისა და მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს, ფაქტია, წარმოშობს დამატებითი კონფლიქტის კერას.

ასეთი პროცესების შედეგი ხშირად სცდება უშუალოდ დავის მონაწილეთა ფარგლებს და შესაძლოა შეეხოს მათ ოჯახებსა და ახლობლებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, რომელთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამასთან, სამართლებრივი დავების სოციალური ქსელების საშუალებით წარმართვა და საზოგადოებრივი განწყობის სამართლებრივი უპირატესობის მოპოვების საშუალებად გამოყენება აკნინებს თავად ადვოკატის პროფესიულ როლს. ადვოკატის ძალა ეფუძნება სამართლებრივ ცოდნას, არგუმენტაციას, მტკიცებულებებსა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიან გამოყენებას სასამართლო დარბაზებსა თუ საგამოძიებო ორგანოებში და არა რომელიმე მხარის მიმართ წინასწარი საზოგადოებრივი განწყობის შექმნას, ხოლო საადვოკატო სერვისი ვერ გახდება მეორე მხარის დისკრედიტაცია.

როდესაც სასამართლოს ფუნქციას საზოგადოებრივი სივრცე ანაცვლებს, ზიანი ადგება არა მხოლოდ კონკრეტული მხარის ინტერესებს, არამედ თანდათან იკარგება პროფესიული ურთიერთპატივისცემა, კნინდება ადვოკატის ინსტიტუციური როლი და, საბოლოოდ, მცირდება საზოგადოების ნდობა როგორც ადვოკატურის, ისე მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას,  პატივი სცეს ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას, მის ღირსებასა და კანონით მინიჭებული ფუნქციის განხორციელებას და თავი შეიკავოს ადვოკატის მის კლიენტთან გაიგივებისა თუ მხოლოდ პროფესიული საქმიანობის გამო მისი სტიგმატიზაციისგან.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადვოკატს არ ჰყავს ზემდგომი, ის თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელია, თუმცა ემორჩილება კანონს, პროფესიულ ეთიკას და პროფესიულ სტანდარტს. შესაბამისად, ამავე პასუხისმგებლობით მოვუწოდებთ ადვოკატებს პატივი სცენ კანონს, სასამართლოს, პროფესიულ ეთიკას, კოლეგებსა და თითოეული პროცესის მონაწილის უფლებებს; სამართლებრივი დავები წარმართონ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და ხელი შეუწყონ მათ გადაწყვეტას იმ სივრცეში, რომელიც ამისთვის სამართლებრივ სახელმწიფოშია შექმნილი სასამართლოსა და კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, ისევე როგორც საჯაროდ პროფესიის წარმომადგენელთა მხრიდან ერთმანეთთან დაპირისპირება თუ სამართლებრივი მოსაზრებების, კოლეგების პოზიციის საჯარო ქილიკი აზიანებს პროფესიულ რეპუტაციას და აკნინებს პროფესიის როლს საზოგადოების თვალში.

საზოგადოების პატივისცემა ადვოკატის პროფესიისა და მისი დამოუკიდებლობისადმი და, მეორე მხრივ, ადვოკატის ერთგულება კანონის, პროფესიული ეთიკისა და მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპებისადმი წარმოადგენს ორმხრივ პასუხისმგებლობას, რომლის დაცვაც აუცილებელია დამოუკიდებელი ადვოკატურის, სამართლიანი მართლმსაჯულებისა და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად.

და ბოლოს, მოვუწოდებთ ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებს, ჩვენს უკან, ჩვენი თითოეული საქციელის თუ ნათქვამის უკან, ჩვენი პროფესიის კეთილი სახელი, მისი რეპუტაცია და ხვალინდელი დღე დგას, ვიზრუნოთ დღეს პროფესიის ხვალინდელ დღეზე, ეს მხოლოდ პროფესიული გაერთიანების ფუნქცია არ არის, ეს თითოეული მოქმედი ადვოკატის პირდაპირი დანიშნულება, ვალდებულება და საჭიროებაა.

მივმართავთ ასევე საზოგადოებას, პროფესია ადვოკატი არის პროფესია, რომელიც თქვენი ინტერესების წარმომადგენელია, ინტერესების გამტარებელი და გვერდში მდგომია. გასაგებია და მარტივად აღქმადია, რომ მეორე მხარის წარმომადგენელი არ უნდა მოგწონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს მის პიროვნულ შეურაცხყოფას ან მის თქვენს უშუალო მეორე მხარესთან გაიგივებას, ხოლო მსგავსი მიდგომა თანმდევად დააპირისპირებს საზოგადოებას ამ პროფესიასთან, რაც დააზარალებს ისევ და ისევ დაცვის უფლების იმ რეალიზებას, რაც საზოგადოების უშუალოდ ინტერესშია, შესაბამისად, თხოვნა მოქალაქეთა მიმართ, პატივი ვცეთ ადვოკატის პროფესიას და ამ პროფესიის წარმომადგენლებს, ხოლო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამა თუ იმ ადვოკატის ქმედების თუ ნაბიჯის მიუღებლობის შემთხვევაში, თუ ის მიგაჩნიათ კანონთან შეუსაბამოდ, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები, სადაც აღნიშნულზე შეგიძლიათ მიმართვა და არა საჯარო სოციალური ქსელის გამოყენებით განკითხვა და პიროვნული შეურაცხყოფა, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და მის ჭეშმარიტ ინტერესს დააზიანებს.

ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება რჩება ამ მაღალი სტანდარტების დაცვის სადარაჯოზე და გეგმავს მომავალში ამ მიმართულებით ფართო მასშტაბის სამუშაოების ინიცირებას, რაც პროფესიის შიგნით აღნიშნული გამოწვევების სწორად მართვის დანერგვის სტანდარტებს დაეთმობა, ისევე როგორც პროფესიის კიდევ უფრო მეტად გაცნობას საზოგადოებისათვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი