საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ამოქმედდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების სისტემა, რომელმაც ასოციაციაში პირველად შექმნა მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ერთიანი და გამჭვირვალე ჩარჩო. აღნიშნული სისტემა შემუშავდა და ამოქმედდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის მხარდაჭერითა და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ჭეხანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით.
მოსამართლეთა შეფასების სისტემის ამოქმედების მიზანია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიული პროფესიის როლის გაძლიერება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების უზრუნველყოფა ობიექტური კრიტერიუმებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული შეფასების სისტემა ეყრდნობა სპეციალურ სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს შეფასების პრინციპებს, კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას და ყურადღებას ამახვილებს კანდიდატთა კეთილსინდისიერებაზე, დამოუკიდებლობაზე, პროფესიულ კომპეტენციასა და სამოსამართლო უნარებზე. ამასთან, შეფასების პროცესიდან გამორიცხავს პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ ასპექტებს.
ზემოაღნიშნული სისტემის დანერგვის შედეგად, ასოციაცია შეძლებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ დასაბუთებული შეფასებითი ანგარიშების მომზადებას და მათ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას, რითაც ინსტიტუციონალიზდება იურიდიული პროფესიის მონაწილეობა სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცების პროცესში.




