ადვოკატთა ასოციაციამ საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაატარა

24 ივნისი 2024

ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი სესია ჩაატარა.
USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის, ადვოკატთა ასოციაციამ ახალი საგამოცდო პროგრამული უზრუნველყოფა შექმნა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საგამოცდო პროცესები ახალი და თანამედროვე ფუნქციონალის საშუალებით სრულად ელექტრონულად მართონ.

მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციონალის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს:
•თავად უზრუნველყოს სრული საგამოცდო პროცესის ადმინისტრირება;
•გაეცნოს სიახლეებს მიმდინარე საგამოცდო პროცესებისა და კალენდრის თაობაზე;
•დისტანციურად შექმნას და მართოს საკუთარი კაბინეტი;
•წინასწარ ატვირთოს გამოცდისთვის განსაზღვრული სავალდებულო პრერეკვიზიტები;
•გამოცდის საფასური გადაიხადოს ელექტრონულად (საბანკო ბარათით), რაც გამორიცხავს დამატებით საგადახდო დავალებების ასოციაციისთვის გამოგზავნას;
•ნებისმიერი სპეციალიზაციის შემთხვევაში, გამოცხადებული საგამოცდო თარიღებიდან აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი;
•დისტანციურად, პირადი კაბინეტიდან გაეცნოს მის მიერ გასაჩივრებულ საგამოცდო კითხვებსა და ექსპერტების დასაბუთებას. 
•პირადი კაბინეტიდან მიიღოს დეტალური ინფორმაცია საგამოცდო სესიის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული; 
•გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ელექტრონულად მიიღოს და ბმულის საშუალებით გააზიაროს ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალი ადაპტირებულია, სპეციალური საჭიროების მქონე (უსინათლო) პირებისთვის და ყველა იმ საჭიროებას ითვალისწინებს, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის მათზე მორგებულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. 

საგამოცდო სესიები 20-23 ივნისს ჩატარდა. გამოცდებში 500-მდე პირი მონაწილეობდა, მათ შორის, გამოცდა წარმატებით 127-მა მონაწილემ ჩააბარა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი