ადვოკატთა ასოციაცია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ვუსურვებთ მათ მშვიდ და დაცულ ბავშვობის წლებს, უსაფრთხო გარემოს აღზრდისა და ღირსეული მომავლისთვის!
ბავშვის უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში სახელმწიფოს პრიორიტეტად მიიჩნევა, რაზეც მიუთითებს, როგორც ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვა, ასევე ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისა და აღიარების ერთიან, სისტემატიზებულ სტანდარტებს ადგენს.
მნიშვნელოვანია დაცული იყოს ბავშვის უფლება იზრდებოდეს ოჯახში, დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მიუწვდებოდეს ხელი ინკლუზიურ განათლებასა და ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და მართლმსაჯულებაზე. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გათვალისწინებული იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობა. ამ თვალსაზრისით კი ადვოკატების როლი განუზომელია.
ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს ბავშვთა უფლებების კუთხით და განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით შემუშავებული სპეციალიზაციის სტანდარტის შესაბამისად, სიღმისეული კურსის გავლისა და ტესტირების ჩაბარების შედეგად, სპეციალიზაციას ყოველწლიურად ასობით ადვოკატს ანიჭებს.
ადვოკატთა ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა უფლებების მიართულებით მომავალი თაობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, როგორც განგრძობადი იურიდიული განათლების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებში მონაწილეობის კუთხით.