ადვოკატთა ასოციაციის წევრთა მაღალი სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასოციაცია ახალ pro bono პროექტს იწყებს!
ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთ pro bono პროექტს იწყებს, რაც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე გამოცდილი ადვოკატების მიერ pro bono სამართლებრივ დახმარებას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია, ასოციაციის მიერ შერჩეული გამოცდილი ადვოკატების ჩართულობით: (ა) ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის სავარაუდო ფაქტზე, pro bono სამართლებრივი დახმარების გაწევა სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე; ასევე, (ბ) შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სავარაუდო ფაქტზე, pro bono სამართლებრივი დახმარების გაწევა, იმ საქმეებზე, რომელიც სახდელად ადმინისტრაციულ დაკავებას ან/და პატიმრობას ითვალისწინებს.
პროექტით გათვალისწინებული pro bono სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის მიზნით, მომართვა განხორციელდება ადვოკატთა ასოციაციის ოფისში განცხადების მატერიალურად წარდგენით (მისამართზე: თბილისი, თინათინ ვირსალაძის პირველი ჩიხი N1) ანდა სატელეფონო შეტყობინების საშუალებით - ცხელ ხაზზე: 511 10 31 02.
პროექტში მონაწილეობის მიზნით, მსურველი ადვოკატებს საშუალება აქვთ მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე წარმოადგინონ განცხადება ელექტრონულ ფოსტაზე: probono@gba.ge
პროექტში მონაწილეობის მსურველი ადვოკატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: (ა) სისხლის ან/და საერთო სპეციალიზაციის მქონე მოქმედი ადვოკატის სტატუსი; (ბ ) არანაკლებ 2 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა; (გ) არ არის სახდელდადებული ეთიკის კომისიის მიერ (არ ვრცელდება გაქარწყლებულ სახდელებზე); (დ) გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით.
განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საადვოკატო საქმიანობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები;
ბ) რეზიუმე ქართულ ენაზე.
ახალი pro bono პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროექტის (RoLP) მხარდაჭერით ხორციელდება.