ადვოკატებმა და პროკურორებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს

20 მარტი 2019

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა ადვოკატებმა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს. 

მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გადასცეს.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლება მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ  სამართალს, რაც მიზნად ისახავს იურიდიული სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდას იმისათვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში. 

თეორიულ მასალასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკული მაგალითებისა და კაზუსების განხილვას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ თემატურ დისკუსიებში. 

3-თვიანი კურსის ფარგლებში ერთობლივი სწავლება 17-მა ადვოკატმა და 20-მა პროკურორმა გაიარა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის ადვოკატთა მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი