ძვირფასო ადვოკატებო,
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად, ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის ელექტრონული პორტალი.
ადვოკატთა ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ამ მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ელექტრონული პორტალი საპილოტე რეჟიმში მხოლოდ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ბარიერს მიღმა შეხვედრის დაჯავშნის მიზნით ამოქმედდება. ადვოკატები, რომლებისთვისაც წინასწარ არის ცნობილი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ვიზიტის საჭიროება, ელექტრონული პორტალის საშუალებით შეძლებენ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნას, რაც უზრუნველყოფს ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას.
აღსანიშნავია, რომ იმ ადვოკატებისთვის, რომელთაც კლიენტთან შეხვედრის საჭიროება მოულოდნელად წარმოეშვათ ანდა სხვა ნებისმიერი მიზეზით არ განუხორციელებიათ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა, იმოქმედებს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის უკვე არსებული სტანდარტულ პროცედურა. კერძოდ, N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეთანხმებით, ელექტრონული პორტალით წინასწარი დაჯავშნის სერვისისთვის გამოყოფილი ადგილების პარალელურად, ბარიერს მიღმა შეხვედრების სტანდარტულ პროცედურას ყოველდღიურად დაეთმობა 7 ადგილი. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე შესაძლებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პირისპირ შეხვედრაც (პანდემიამდე არსებული ძველი წესით), რომლისთვისაც დამატებით გამოყოფილია 14 ადგილი (დაჯავშნის სერვისის გარეშე).
გარდა იმისა, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ადვოკატებს შეუქმნის მეტ კომფორტს და შესაძლებლობას მართონ საკუთარი შეხვედრების კალენდარი, აღნიშნული პორტალის ეფექტიანად გამოყენება ასევე განტვირთავს ე.წ. ცოცხალ რიგს, რაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალი წელია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.
იმისთვის, რომ შეუფერხებლად ისარგებლოთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალით, მნიშვნელოვანია, გაეცნოთ პორტალის გამოყენების ვიდეო ინსტრუქციას ბმულზე
ასევე, გთხოვთ, პორტალის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცნოთ პორტალის "წესებსა და პირობებს", რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალის ცხელი ხაზია - 511 10 30 97.
ცხელი ხაზის გადატვირთულობიდან გამომდინარე, გთხოვთ, აღნიშნულ ნომერზე დაკავშირება განახორციელოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას ვერ მიიღებთ ზემოთ მითითებული ვიდეო ინსტრუქციისა და „წესები და პირობები“-ს გაცნობის შედეგად ან თუ ჯავშნის განხორციელების პროცესში შეგექმნებათ რაიმე დაბრკოლება.
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტის დაჯავშნის ელექტრონული პორტალის მისამართია: https://penitentiary.gba.ge/
გისურვებთ წარმატებას!