CCBE - მ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს მიმართა

11 მარტი 2019

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭომ (CCBE) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს მიმართა.

CCBE - ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებსა და წარმოადგენს 1 მილიონზე მეტი ევროპელი ადვოკატის ინტერესებს, ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. მიმართვა ეხმიანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ამ პროცესში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის როლს. აღნიშნულ მიმართვაში აგრეთვე უარყოფითად არის შეფასებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრის მიერ გაკეთებული ის არაობიექტური და მუქარის შემცველი განცხადებები, რომელიც მოყვა ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრების მიერ „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე“ რეზოლუციის მიღებას:

„ადვოკატები, ისევე როგორც მოსამართლები და პროკურორები, არიან მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი აქტორები. ადვოკატები მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადვოკატის პროფესიის თვითრეგულირება დამოუკიდებელი ასოციაციის მიერ წარმოადგენს თითოეული ადვოკატის დამოუკიდებლობის გარანტიას. ამ მხრივ, CCBE-ის სურს გამოხატოს მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადვოკატთა ასოციაციის მიმართ საქართველოში, რათა დაცული იყოს კლიენტის ძირითადი და ლეგიტიმური ინტერესები და უფლებები, რაც ასევე მოიცავს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, ხარისხიან სამართლებრივ დახმარებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის“ -ნათქვამია CCBE-ის მიმართვაში.

CCBE ასევე აღნიშნავს, რომ „როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მხარეების, ასევე, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წარმომადგენლების რანგში, ადვოკატებს აქვთ პირდაპირი და უშუალო ინტერესი მოსამართლეთა ნომინირებისა და თანამდებობაზე გამწესების დამოუკიდებელი და ხარისხიანი პროცესის უზრუნველყოფაში. დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური მოსამართლეების შერჩევა და თანამდებობაზე გამწესება წარმოადგენს სამართლის უზენაესობის დაცვის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს თანამედროვე, უფლებებზე დაფუძნებულ დემოკრატიურლ საზოგადოებაში.“

„ყველა ადვოკატი სარგებლობს გამოხატვის თანაბარი თავისუფლებით. მათ უფლება აქვთ საჯაროდ გამოთქვან მოსაზრებები იმ სირთულეებზე, რომელიც არსებობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, ადვოკატთა მხრიდან გამართლებული და ლეგიტიმურია მოსამართლეთა ნომინირებისა და თანამდებობაზე გამწესების პროცესის მონიტორინგი და  მათი პოზიციის დაფიქსირება, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი თვლიან, რომ ეს აუცილებელია სამართლის უზენაესობის დაცვის უზრუნველსაყოფად“ -  აღნიშნულია CCBE-ის მიმართვაში.

იხილეთ წერილის სრული ვერსია ქართულად

იხილეთ წერილის სრული ვერსია ინგლისურად

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი