
ავტორი: ლევან მახარაშვილი
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი,
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) წევრი.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში სულ უფრო იზრდება ელექტრონული მტკიცებულებების მნიშვნელობა. კომპიუტერული სისტემები, ინტერნეტი და სხვადასხვა ციფრული მოწყობილობა ყოველდღიურად აწარმოებს უზარმაზარ რაოდენობის მონაცემებს, რომლებიც ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის სამართლის პროცესში. ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ელექტრონულ ფორმატში იქმნება და ინახება. თავდაპირველად „ელექტრონული კვალი“ განიხილებოდა მხოლოდ კომპიუტერებიდან ამოღებულ ფაილებად, დღეს კი მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციას სხვადასხვა ელექტრონულ და ონლაინ სერვერებზე შეღწევის/წვდომის შესახებ (Log In), მობილურ ტელეფონებში ჩაწერილ ინფორმაციას, ჭკვიანი (სმარტ) საათის აქტივობის არქივს, მიმოწერას ელექტრონული ფოსტით, სოციალურ ქსელებში ან/და სხვადასხვა აპლიკაციების მეშვეობით, GPS მონაცემებს და ლოკაციის ისტორიას, ვიდეო და აუდიო ფაილებს, ფინანსური ტრანზაქციების ელექტრონულ ჩანაწერებს და თუნდაც თანამედროვე (ჭკვიან) უკაბელო ქსელის (WI-fi) მოწყობილობის მიერ შენახულ ინფორმაციას. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მსგავსი ინფორმაცია მოიპოვონ კანონიერად, შეინახონ უცვლელად და საპროცესო დამაგრება განახორციელონ ისე, რომ სასამართლოში ჰქონდეს მტკიცებულების ძალა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რას გულისხმობს კანონმდებელი კომპიუტერულ მონაცემსა და კომპიუტერულ სისტემაში. ამ მუხლის თანახმად, კომპიუტერული მონაცემია კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. კომპიუტერული სისტემა კი არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებული მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს. ასეთი მოწყობილობებია, მაგალითად, პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, სმარტფონი, ტაბლეტი, სხვადასხვა ტიპის სერვერი, ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ასევე ნებისმიერი მიკროპროცესორიანი მოწყობილობა, მათ შორის ჭკვიანი საათები და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურა. ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვება შედგება რამდენიმე ეტაპისგან, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ციფრული მტკიცებულებები შეიძლება მოიცავდეს მრავალფეროვან ინფორმაციას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექსტური ფაილებით ან ფოტო-მასალით. თანამედროვე დანაშაულში, განსაკუთრებით კიბერდანაშაულში, გადამწყვეტ როლს ასრულებს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, სოციალური ქსელების მიმოწერა, სატელეფონო ზარების ჩანაწერები, ფინანსური ოპერაციების ისტორია, გეოლოკაციის მონაცემები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, კომპიუტერული სისტემების ლოგები და სხვა მრავალი სახის მონაცემი.
ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების პროცესი საკმაოდ რთული და სპეციფიკურია. პირველ რიგში, აუცილებელია იმ გარემოსა და მოწყობილობების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია შესაბამისი მონაცემების არსებობა. მონაცემთა მოპოვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული მათი დაზიანება ან შეცვლა, რადგან ნებისმიერი ცვლილება მტკიცებულების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებს და შეიძლება მისი გამოყენება სასამართლოში შეუძლებელი გახდეს. სწორედ ამიტომ, ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვებისას ხშირად გამოიყენება სპეციალური პროგრამული და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების ავთენტიკურად ამოღებას.
მოპოვების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია დეტალური დოკუმენტირება. აუცილებელია თითოეული ქმედება ჩაიწეროს ოქმში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, ვინ, როდის და რა სახით განახორციელა მონაცემების მოპოვება. ოქმში უნდა აისახოს ასევე გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მონაცემების წყაროები და მოპოვების დროს არსებული პირობები. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლოს ჰქონდეს სრული სურათი მოპოვების პროცესის კანონიერებისა და სანდოობის შესახებ.
ელექტრონული მტკიცებულებები მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლება. ისინი ხშირად საჭიროებს სპეციალურ ანალიზსა და ექსპერტიზას. ელექტრონული ექსპერტიზის მიზანია მონაცემთა შინაარსის დადგენა, წაშლილი ფაილების აღდგენა, კიბერდანაშაულის კვალის იდენტიფიცირება, სხვადასხვა სისტემების მუშაობის ანალიზი და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები. ამ პროცესში მონაწილეობენ სპეციალურად მომზადებული ექსპერტები, რომლებიც ფლობენ შესაბამის ცოდნასა და ტექნიკურ უნარებს. ექსპერტიზის შედეგები შეიძლება გახდეს გამოძიებისთვის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელიც განსაზღვრავს საქმის შედეგს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოს ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენებისათვის. მონაცემთა ამოღება და მათი შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო კონტროლის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტიას. საქართველოს კონსტიტუცია იცავს პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, რაც მოიცავს პირადი კომუნიკაციის, სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ მონაცემთა მოპოვებისას დაიცვას ეს უფლებები და უზრუნველყოს, რომ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნას მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. თუ ელექტრონული მტკიცებულება მოპოვებულია კანონდარღვევით, იგი ვერ გახდება სასამართლოში დასაშვები მტკიცებულება. ეს გამომდინარეობს „კანონიერად მოპოვებული მტკიცებულების პრინციპიდან“, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესში შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ ის მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია კანონიერად და მხარეთა უფლებების დაცვით.
ელექტრონული მტკიცებულებების საპროცესო დამაგრება გულისხმობს მოპოვებული მასალის სწორად ფორმალიზებას, რაც უზრუნველყოფს მის სანდოობას და სასამართლოში გამოყენების შესაძლებლობას. საპროცესო დამაგრების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოქმის სიზუსტესა და სრულყოფილებას. ოქმში ნებისმიერი უზუსტობა ან ხარვეზი შეიძლება მომავალში იქცეს მიზეზად მტკიცებულების დაუშვებლობისთვის. სწორედ ამიტომ, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მაქსიმალური გამჭვირვალობა და სიზუსტე თითოეულ ეტაპზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით“. შესაბამისად, დაცვის მხარეს, ბრალდების მხარის ანალოგიურად შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და ითხოვოს კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა, ხოლო ხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თვითონ ჩაატაროს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ - ინფორმაციის გამოთხოვა. ხშირად, პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვის ნაცვლად საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხარის მიერ საქმეზე დამაგრებულია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით, რაც დაუშვებელია და საბოლოოდ მას მტკიცებულებით ძალას აკარგვინებს. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განჩინება საქმეზე №1001აპ-24. „სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით და სასამართლო მოკლებულია მისი გაზიარების შესაძლებლობას. კერძოდ, 2022 წლის 5 აპრილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა თ. ბ–ს მიერ წარდგენილი ტელეფონი. დათვალიერებისას განხორციელდა 2022 წლის 3 აპრილის 12:45 საათზე გადაღებული ვიდეოფაილის დათვალიერება და ასევე – მისი ვიდეოგადაღება მობილური ტელეფონით, რაც ჩაიწერა CD დისკზე (იხ.. ტ.1 ს.ფ. 59-60). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ კომპიუტერული მონაცემის (ვიდეოფაილის) მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესის დაუცველად. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დათვალიერებისას კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების ვიდეოგადაღება (ბრალდების მხარემ გადაიღო მისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერი და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს) ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დაუშვებელია მისი გამოყენება მსჯავრდებისათვის. კომპიუტერული ინფორმაციის მხოლოდ სათანადო ფორმით მოპოვების აუცილებლობა დაადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმეში №909აპ-22 და აღნიშნა: „კასატორი საკასაციო საჩივარში მ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად ასევე უთითებს მ. ს–ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს (სადავო მტკიცებულება), რომლის თანახმად დასტურდება, რომ დაზარალებულის ტელეფონში შემავალ ზარებში ფიქსირდება ორი უცხო ნომერი. მ. ს–ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული ნომრებიდან დაურეკა მეუღლემ და 2021 წლის 27 სექტემბერს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კომპიუტერულ სისტემაში ასახული ინფორმაცია - მოიპოვა დაზარალებულის ტელეფონში დაცული ინფორმაციის დათვალიერებით, რაც ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ოქმი ადასტურებს მხოლოდ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ ზარებს და არა - საუბრის შინაარსს“. ანალოგიური განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ კომპიუტერული ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საქმეში (№670აპ-22 შ. ვ. 670აპ-22 10 აგვისტო, 2022 წელი). გადაწყვეტილების 27-ე პუნქტში სასამართლო ადგენს - „ რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ სხვა მტკიცებულებებს: დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს, ელენე ანთელავას მიერ წარდგენილი ფოტოსურათების დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს, დათვალიერების ოქმის შემდგენი გამომძიებლის - ჭოლა ღლონტის ჩვენებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ინფორმაცია მოპოვებული იქნა დაზარალებულის ტელეფონში დაცული ინფორმაციის დათვალიერებით, ინფორმაციაზე სურათის გადაღებითა და ამობეჭდვის გზით. ბრალდების მხარემ გადაიღო მისთვის საინტერესო ფოტოსურათები და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს, რაც წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში გამოსახული ინფორმაციის მოპოვებას და ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საკასაციო სასამართლო ვ. შ–სის ბრალდების დასადასტურებლად მხედველობაში ვერ მიიღებს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №80აპ-21).
საქართველოში ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები არსებობს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტექნიკური რესურსების სიმწირე და სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების ნაკლებობა. ხშირად მხარეები ვერ ფლობენ იმ აუცილებელ ტექნიკურ ცოდნას, პროგრამულ და ტექნიკურ ინვენტარს, რომელიც საჭიროა მონაცემთა სწრაფად და ავთენტიკურად მოპოვებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა დაკავშირებულია ექსპერტთა კვალიფიკაციასთან. ელექტრონული მტკიცებულებების ანალიზი მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, ამიტომ ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება კომპიუტერულ-ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობა. ციფრული მონაცემები ხშირად ინახება სხვა ქვეყნების სერვერებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ინტერნეტით ჩადენილ დანაშაულს ან საერთაშორისო კორპორაციებს. ასეთ შემთხვევაში გამოძიებას სჭირდება უცხოეთის სამართალდამცავებთან თანამშრომლობა, რაც ზოგჯერ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მათ შორის დროის ფაქტორის გამო. მონაცემები შესაძლოა სწრაფად განადგურდეს ან შეიცვალოს, რის გამოც აუცილებელია სწრაფი რეაგირება და ეფექტიანი კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის.
ამრიგად, ელექტრონული მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში არის არა მხოლოდ ახალი გამოწვევა, არამედ შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს მართლმსაჯულების ეფექტიანობას და დანაშაულის გამოსავლენად საჭირო ფაქტების დადგენას. თუმცა, მათი სწორად მოპოვება და გამოყენება დამოკიდებულია კანონმდებლობის დაცვაზე, ტექნიკურ შესაძლებლობებზე და პროფესიონალთა კვალიფიკაციაზე. საქართველოს კანონმდებლობა ქმნის სამართლებრივ საფუძველს ამ პროცესისთვის, თუმცა აუცილებელია მისი პრაქტიკული დანერგვის გაძლიერება, ტექნიკური ბაზის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი, რომ ელექტრონული მტკიცებულებები სრულფასოვნად და ეფექტიანად იქცეს მართლმსაჯულების სამსახურში და ხელი შეუწყოს სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფას.




