16 სექტემბერს, ნიუ იორკის შტატის დედაქალაქ ალბანიში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული შეთანხმების გაფორმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის - გიორგი ჭეხანის და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო სექციის ხელმძღვანელის - ედვარდ ლენსის ინიციატივისა და ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი. ამავე ინიციატივის ფარგლებში, ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციაში გაიხსნება საქართველოს სექცია, რომელსაც გიორგი ჭეხანი უხელმძღვანელებს და რომელში ინდივიდუალური გაწევრიანების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ ქართველ ადვოკატს მიეცემა.
მემორანდუმის შესაბამისად, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები და სხვა სახის ღონისძიებები, რაც ქართველ ადვოკატებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ამერიკულ პრაქტიკას, გამოცდილებას და ამერიკელ კოლეგებთან დაამყარონ მჭიდრო პროფესიული ურთიერთობა.
აღნიშნულ შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების იურიდიულ პროფესიებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ადვოკატურის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.




