საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა

13 დეკემბერი 2025

13 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. ასოციაციის თამჯდომარემ, დავით ასათიანმა თავმჯდომარეობის 8 წელი შეაჯამა და ადვოკატებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამეს ეთიკისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმაც. 

საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა იმ ძირეულ და მნიშველოვან  რეფორმებსა და პროექტებს, რომლებმაც ასოციაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. როგორც ადვოკატის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე ასოციაციის, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე. 

„ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში ქართულმა ადვოკატურამ შეძლო თანამედროვე კვალიფიციურ და დამოუკიდებელ თვითმმართველობად ჩამოყალიბება. მოხარული ვარ, რომ დღეს ადვოკატებს თავისუფალ გარემოში შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული მოვალეობები და ყველანაირი შიშისა და დაბრკოლების გარეშე დაიცვან თავიანთი კლიენტები და ადამიანის უფლებები.“  - განაცხადა დავით ასათიანმა.

  • დავით ასათიანის 8 წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდში საფუძველი ჩაეყარა და აშენდა ასოციაციის ახალი ოფისი „ადვოკატთა სახლი“;
  • დაინერგა ახალ ელექტრონული სისტემები, როგორებიცაა: საგამოცდო პორტალი, ადვოკატის პორტალი, ციხის პორტალი;
  • ასოციაციაში დაარსდა პრო-ბონო ცენტრი;
  • მართლმსაჯულების სხვა აქტორებთან ერთად, შემუშავდა ბენჩ-ბარის ფორმატი, სადაც ადვოკატებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს საშუალება აქვთ განავითარონ ერთგვაროვანი პრაქტიკა; 
  • შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად შევიდა არაერთი კანონპროექტი ადვოკატთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე;
  • საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორც ადგილობრივ ისე აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან; 
  • დაინერგა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამა, რომელიც გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით წარმატებით ფუნქციონირებს;განმტკიცდა თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებთან; (CCBE; AEA-EAL; IBA; LAW ASIA; ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაცია NYSBA და სხვ.) 

საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნებისთვის, რომელიც ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება ასოციაციის წევრებმა ხმის დამთვლელი კომისიის 15 წევრი აირჩიეს. კომისიის წევრებმა კი თავის მხრივ კომისიის თავმჯდომარედ - თეონა გვაზავა , ხოლო კომისიის მდივნად - გიორგი ლაცაბიძე დაასახელეს.  

საერთო კრებაზე ადვოკატებთან მოხსენებით წარსდგნენ ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებიც. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორისა თავმჯდომარეობის 6 კანდიდატია. არჩევნებზე ასოციაციის წევრები ახალ თავმჯდომარესთან ერთად აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებს აირჩევენ. საარჩევნო პროცესი სრულად გამჭვირვალედ და ელექტრონულად, ოპიკური სკანერების გამოყენებით ტარდება.
 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი