საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობასა და საარჩევნო პროცესებში, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ნოვაციების შესახებ ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, რაც თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ურთიერთთანამშრომლობას მოიცავს.
მხარეები ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების არჩევნების პროცესში ითანამშრომლებენ, რაც ასოციაციის მიერ პროცესის ეფექტიანად ორგანიზებაში ცესკოს ტექნოლოგიურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ცესკოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დამოუკიდებელ თვითმმართველობას, საშუალებას მისცემს, მოახლოებული კორპორაციული არჩევნები მაღალ დონეზე, ეფექტიანად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩავატაროთ, რაშიც ცესკოს მხარდაჭერა ტექნოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში სამაგალითო და მოდელური არჩევნები გვექნება“,- განაცხადა დავით ასათიანმა.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმოადგენს მყარ საფუძველს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ აქტივობაში. ასევე, აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილების გაზიარებასა და სათანადო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა ინსტიტუციამ შეძლოს კორპორაციული არჩევნების ეფექტიანად და მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“, -აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.




