საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას აგრძელებს.
სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციისათვის, 2 აგვისტოს, მესტიის მაგისტრ სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პროექტის განხორციელებას სვანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი იდეითა და არსით სვანურ ტრადიციულ სამართალთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში, მართლმსაჯულებას რიგითი მოქალაქეები ახორციელებენ.
იმიტირებულ სასამართლო პროცესი, რომელშიც ადვოკატებთან ერთად ადგილობრივი უხუცესები, როგორც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
ღონისძიების ფარგლებში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონფერენციაც გაიმართა თემაზე: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი.
ადვოკატთა ასოციაცია საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით მომავალშიც არაერთ პროექტს განახორციელებს.