„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ მმართველი კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და პროკურორებმა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ საქმიანობისა და აღნიშნული ფორმატის სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში სასამართლო პრაქტიკაში არსებული იმ გამოწვევების ნუსხა განისაზღვრა, რომლის თაობაზეც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ თემატური სექციების (ე.წ. ბენჩ-ბარის) შეხვედრები გაიმართება.
ასევე, მმართველი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ საქმიანობაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის გზებიც განიხილეს.
„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა და USAID – ის რეგიონულმა მრჩეველმა სამართლის უზენაესობის საკითხებში, ირინა ლორთქიფანიძემ.
„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა USAID – ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატს საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრების, დიალოგისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.