ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილმა ბათუმში გამართა - ადვოკატებთან, რომლებიც აჭარის რეგიონში საქმიანობენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.
შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მოისმინა რეგიონში მოქმედი ადვოკატების მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება.
თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონებში მოქმედი ადვოკატების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ასოციაციის განვითარება და ძლიერი პროფესიული გაერთიანების ფორმირება სწორედ წევრების აქტიურ მონაწილეობასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.




