ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა.
კონფერენციაში საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიისა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მთავარი თემა იყო: „იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობა, როგორც სამართლის უზენაესობის ქვაკუთხედი“.
დავით ასათიანი კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა, სადაც იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პროფესიის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ადვოკატთა საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში აქტიურად წარიმართა ევროპის საბჭოს კონვენციის „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ განხილვა და ხაზგასმით აღინიშნა, ყველა ევროპული ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობა.