ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ჭეხანმა, ევროპის საბჭოს მიწვევით სტრასბურგში სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
ევროპის ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის (EYBA) გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ჭეხანმა EYBA-ის ევროპის ახალგაზრდა ადვოკატთა წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარების შესახებ წინადადება ოფიციალურად წარუდგინა. EYBA-ის წევრი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2022 წლის მარტში გახდა, რაც ჩვენს ახალგაზრდა ადვოკატებს ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული კონტაქტების დამყარების დამატებით შესაძლებლობას უქმნის.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა სტრასბურგის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან ტიფანი კონეინთან, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოსა და სტრასბურგის ადვოკატთა ასოციაციებს შორის გაფორმდება მემორანდუმი და გაძლიერდება თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელების მიმართულებით, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ჭეხანმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ევროსაბჭოს პროგრამის (HELP) წლიურ კონფერენციაში. ევროსაბჭოს მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაცია გააძლიერებს ძალისხმევას ჩვენს იურიდიულ პროფესიაში HELP-ის პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით.
ასევე, შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამების სამმართველოს დირექტორთან - ლილია გრეტასდოტირთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ერთობლივი პროექტების შედეგები და იურიდიული პროფესიის შემდგომ გაძლიერებაზე ორიენტირებული დამატებითი პროექტის ინიცირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე დასრულებული ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის - ასოციაციის საარჩევნო სისტემის რეფორმა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსება, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავება, მარტოხელა მშობლების მხარდამჭერი პრობონო პროექტი, ეთიკის კომისიის საქმისწარმოების ელ. პროგრამა და სხვა.