საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი მასიმილიანო დ’ანტუონო. ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.
თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და რომის ადვოკატთა ასოციაციებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეები ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.




