ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და ქართველი ადვოკატების მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული მაღალი ნდობა აღნიშნა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიისა და პროფესიული გაერთიანების დამოუკიდებლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხარისხიანი და ეფექტიანი მართლსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
ირაკლი ყანდაშვილმა მინისტრს ის ძირითადი საკითხები და გამოწვევები გააცნო, რომლებიც ადვოკატთა ყოველდღიურ და სრულფასოვან პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ამასთან, მან გამოხატა მზაობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ასოციაციის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში, რომელიც მომავალში შესაძლოა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.




