საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულ დირექტორს იოსებ ნანობაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და EPLO-ს შორის თანამშრომლობის დოკუმენტის განხორცილების საკითხები, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის გაწევრიანება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში. აღნიშნული სტატუსი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს საერთაშორისო კვლევით და აკადემიურ პროგრამებზე, ასევე დააკავშირებს მათ საერთაშორისო სამართალწარმოებაში ჩართულ ევროპელ მოსამართლეებთან, პროფესორებთან და სამართალმცოდნეებთან.
ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით, განახლებული შეთანხმების ფარგლებში, აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და პირველად გახდა ხელმისაწვდომი პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვისაც, რაც ახალგაზრდა იურისტებისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის.
შეთანხმების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ EPLO-ს უნივერსიტეტში European Law and Governance School - ELGS (რომი, იტალიის რესპუბლიკა www.elgs.eu) სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლონ.
სასტიპენდიო მხარდაჭერა ითვალისწინებს 70%-მდე გრანტს სამაგისტრო და სასწავლო პროგრამებზე - სადოქტორო პროგრამებზე 15 000 ევროს ნაცვლად 5000 ევრო; სამაგისტრო პროგრამებზე 13 000 ევროს ნაცვლად 5000 ევრო. საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ ფორმატში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (საბრძნეთი, იტალია, პორტუგალია) მოქმედ ELGS-ის კამპუსებში, ასევე დისტანციურად და ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც პროგრამებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდენ, რომ ასოციაცია და EPLO-ს წარმომადგენლობა ორგანიზებას გაუწევენ საინფორმაციო შეხვედრას საგრანტო პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული ასოციაციის წევრებისთვის.
გარდა ამისა, მხარეებს შორის არსებული შეთანხმება მოიცავს საკვალიფიკაციო კურსებსა და ერთობლივ პროფესიულ ღონისძიებებს, რომელთა ფარგლებში ევროკავშირის სამართლის სფეროს წამყვანი ევროპელი პროფესორები იქნებიან ჩართულნი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარის ხელმძღვანელობით განაგრძობს ადვოკატებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნასა და გაფართოებას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ბმული.




