ადვოკატთა ასოციაციამ სირაქიუზის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

27 იანვარი 2023

ნიუ იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს, რაც საქართველოში კანონის უზენაესობისა და იურიდიული პროფესიის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის მასპინძლობით საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა დელეგაციის წევრებმა, მოსამართლე/პროფესორმა ჯეიმს ბეიკერმა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ენდრიუ ჰორსფოლმა, შეხვედრები გამართეს მართლმსაჯულების, სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ, დელეგაციის წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს, გენერალურ პროკურორს, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საერთაშორისო პროგრამირების დეპარტამენტის წარმომადგენლებს  შეხვდნენ.

შეხვედრების მთავარი თემები იყო: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული განათლების სფეროში არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და ამ პროცესში სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ჩართულობის ფორმატები. 

შეხვედრის ფარგლებში, პროფესორ ჯეიმს ბეიკერისა და ენდრიუ ჰორსფოლის მონაწილეობით ეროვნული უსაფრთხოების თემაზე ბენჩ-ბარიც ჩატარდა, რომელშიც ადვოკატები და პროკურორები მონაწილეობდნენ. ასევე, პროფესორმა, ჯეიმს ბეიკერმა ადვოკატებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე: საადვოკატო საქმიანობა და ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის, ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სირაქიუზის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს საშალება აქვთ ისარგებლონ სპეციალური სტიპენდიით, რომელიც ყველა სასწავლო პროგრამაზე ვრცელდება - მაგისტრატურა (LLM), დოქტორანტურა (PhD), იურის დოქტორი (J.D) და პროგრამის ღირებულების მინიმუმ 50%-იან თანადაფინანსებას მოიცავს.
მემორანდუმი, ასევე, ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ლექტორების და ტრენერების მონაწილეობას ითვალისწინებს სირაქიუზის უნივერსიტეტის სხვადასხვა მოკლევადიან გაცვლით და კვლევით პროგრამებში.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი