
ავტორი: ქეთევან სვანიძე
ადვოკატი საერთო სპეციალიზაცია
ყოველდღიურ ცხოვრებაში საბანკო სერვისებით სარგებლობის დროს, ხშირია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევები, როგორიც შეიძლება იყოს საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა არაავტორიზებული (მომხმარებლის თანხმობის გარეშე განხორციელებული) ოპერაციების განხორციელება, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევა, არასწორად შესრულებულ საბანკო ოპერაცია, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრა და სხვა მსგავსი შემთხვევები. ასეთი ფაქტების დროს, საქმეების ძირითადად მიმართვა სასამართლოში ხდებოდა სამოქალაქო წესით. საბანკო დაწესებულებები თავიდან იცილებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და მომხმარებლებს პასუხობდნენ, რომ გაგებით მოკიდებოდნენ საბანკო ბარათიდან 10 000, 20 000 და ა.შ თანხის გაქრობას.
2023 წლის 1- ლი დეკემბრიდან საქმიანობა დაიწყო საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების დანმხილველმა კომისიამ, რომელიც საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმია. მომხმარებლებისათვის დავების განხმილველი კომისია წარმოადგენს დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს. კომისია, თავის საქმიანობაში, დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის შექმნის მიზანს წარმოადგენს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებელთა ნდობის განმტკიცება.
კომისიის შექმნა უკავშირდება, ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას - ევროდირექტივასთან (PSD2) დაახლოებას და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის განმავლობაში უზრუნველყო შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება და კომისიის ტექნიკურ-ორგანიზაციული მხარდაჭერა.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას“.
დავების განმხილველი კომისიისთვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს.
კომისია უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ კომერციული ბანკების (მათ შორის, ციფრული ბანკების), მიკრობანკების, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს.
კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არაუმეტეს 2 წევრისა შესაძლებელია იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო არანაკლებ 3 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. კომისიის დამოუკიდებელი წევრი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან იმ ჯგუფში შემავალ იურიდიულ პირში, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. კომისია ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე და წელიწადში ორჯერ წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს.
კომისია კოლეგიური წესით (ხმების უმრავლესობის პრინციპით)განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მასსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავის თაობაზე, რომლებიც უკავშირდება საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობიდან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულების შესაძლო დარღვევას.
კომისია დავას განიხილავს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. საქმის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, დავის განხილვის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. კომისიაში დავა განიხილება უსასყიდლოდ. ამასთან, გარდა დავის რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტისა, საქმის გარემოებების და მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაასრულოს. კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.
მხარე უფლებამოსილია დაასაბუთოს თავისი პოზიცია და კომისიას წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის, კონფიდენციალური) წარდგენა. კომისიას აგრეთვე უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ შორის, კონფიდენციალური) მოსთხოვოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს. ინფორმაციის/ მტკიცებულებების წარდგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, არანაკლებ 5 სამუშაო დღისა. შესაბამისი სუბიექტის დასაბუთებული მოთხოვნითა და კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია აღნიშნული ვადის გაგრძელება. სუბიექტები, რომელთაც დაევალათ ინფორმაციის წარდგენა ვალდებული არიან კომისიას უპასუხონ შესაბამის ვადაში და მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.
დავების განხმილვევლი კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე disputescommission@findrc.ge შეგიძლიათ წარადგინოთ საჩივრის ხელმოწერილი და დასკანერებული ვერსია, ან საჩივრის კვალიფიციური ელქტრონული ხელმოწერით დადასტურებული ვერსია. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მატერიალური ფორმითაც.
დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვა შესაძლებელია:
1.თუ მომხმარებელს სადავო საკითხის შესახებ მიმართული ჰქონდა თავისი მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის (საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) და პროვაიდერმა წარდგენილი საჩივარი დადგენილ ვადაში არ დააკმაყოფილა (მათ შორის, დადგენილ ვადაში მომხმარებლისთვის საჩივრის ფარგლებში პასუხი არ გაუცია) ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა:
2.დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება (კომისიაში საჩივრის წარდგენის ან სადავო ოპერაციის დღისთვის.
3.მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომისიას საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
დავების განმხილველი კომისია საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებით.
ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა 6 თვიანი ვადის დარღვევით სადავო შემთხვევების კომისიაში გასაჩივრება? დიახ, შესაძლებელია ვინაიდან ვრცელდება უკუძალა, კანონის გარდამავალ დებულებაში გათვალისწინებული გამონაკლისის თანახმად, საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს დავების განხმილველ კომისიას იმ დავაზეც, რომელთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საჩივრით მიმართა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ საგადახდო მომსახურების მომხმარებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ დავების განხმილველი კომისიის საქმიანობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში.
კომისია საქმის არსებითად განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დავაში მონაწილეთა მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ.
თუ საქმე სასამართლოში ან საარბიტრაჟო წარმოებაშია იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, კომისია საჩივარს არ იღებს წარმოებაში და საჩივარი რჩება განუხილველი.
დავების განხმილვევლი კომისიის მიერ დავის უსასყიდლოდ განხილვა, ზოგავს მომხმარებელთა ფინანსებს. კომისიისათვის მიმართვა საგადახდო მომსახურების მომხმარებლისათვის ნებაყოფლობითია და ამდენად მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე. ამასთან, საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნებსიმიერ ეტაპზე, უარი განაცხადოს საჩივარზე. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის შესასრულებლად სავალდებულოა .კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ ორივე მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულოა.




