ნდობა, ემოცია და სამართალი - ჩემი გამოცდილება საოჯახო დავებში

10 დეკემბერი 2025

 

ავტორი: კონსტანტინე გელაშვილი 
ადვოკატი

ჩემს პრაქტიკაში საოჯახო საქმეები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საადვოკატო საქმიანობა მხოლოდ სასამართლოსთან  ურთიერთობა არ არის - ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპზე აღმოჩნდებიან. 

როდესაც კლიენტი ჩემთან განქორწინების, მეურვეობის, ალიმენტის ან ქონებრივი დავის საკითხით მოდის, მე მხოლოდ მისი იურიდიული წარმომადგენელი არ ვარ. მე ვხდები მისი მრჩეველი, მისი დამცველი და ხშირად მისი ემოციური მხარდაჭერის წყაროც.

კლიენტთან პირველი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაზე ყალიბდება ურთერთობის საფუძვლები,  კლიენტი არის ადამიანი, რომელიც შექმნილი სირთულის მოგვარების იმედით მოგმართავს, ხშირად დამძიმებული გულით, ცრემლებით, გაბრაზებული ან შეშინებული. ის ჩემგან ელოდება, ყურადღებას, სჯერა რომ მოვისმენ, შევიგრძნობ და ვუპასუხებ გულწრფელად. სწორედ ამ დროს იწყება ნდობის მშენებლობა.
ჩემი გამოცდილებით, საოჯახო საქმეებში ყველაზე დიდი გამოწვევა არის არა მხოლოდ სამართლებრივი სტრატეგიის ჩამოყალიბება, არამედ ნდობის შექმნა და შენარჩუნება. სწორედ ნდობა არის ის საფუძველი, რომელზეც შენდება  ადვოკატსა და კლიენტს შორის თანამშრომლობა.

მე არასდროს ვიძლევი დაპირებებს, რომლებიც რეალურად შეუძლებელია. შეუძლებელია კლიენტს მისცე გარანტია შედეგზე, თუმცა ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მუდმივად ყურადღებით იქნები მისი საქმის მიმართ და მაქსიმალურად კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევ. დუშვებელია კლიენტს შეუქმნა ილუზია,  რომელიც მოგვიანებით იმედგაცრუებად იქცევა.

საოჯახო საქმეებში ემოციები ყოველთვის ძლიერად იგრძნობა. მე მქონია შემთხვევა, როცა კლიენტი შეხვედრისას ტიროდა და საერთოდ ვერ ლაპარაკობდა. ასეთ დროს ჩემი  პირველი ნაბიჯი არის მოსმენა და ემოციური დამშვიდება. მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ვცდილობ, ვიყო თანაგრძნობით სავსე. კლიენტს ვაძლევ საშუალებას გამოხატოს თავისი ტკივილი, პოზიცია, სურვილი… პარალელურად ვუხსნი იმ სამართლებრივ შესაძლებლობებს, რაც მის დავას ეხება და ესადაგება. ამასთან მნიშვნელოვანია ჩავწვდე კლეინტის რეალურ მიზანს და გავარკვიო ხომ არ გამომდინარეობის მისი მიზანი კონკრეტული უეცარი ემოციებისგან და ხომ არ აღმოჩნდება უახლოეს მომავალში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემოციებით გამოწვეული შეცდომა. 

გარდა ამისა ვუხსნი რა ფორმულირება უნდა ჰქონდეს მის მოთხოვნებს, რა მტკიცებულებებით უნდა იყოს განმტკიცებული და ვასწავლი სასამართლოში მოქცევის წესებს,  რადგან უმეტეს შემთხვევაში ჩვენი კლიენტები ამ გამოცდილებას არ ფლობენ. ამას დიდ დროს ვუთმობ, რადგან ვიცი: როცა კლიენტი ინფორმირებულია, მას ნაკლები შიში და უფრო მეტი ნდობა აქვს.

საადვოკატო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის კონფიდენციალურობა. საოჯახო საქმეებში ხშირად გაუმხელიათ ისეთი დეტალები, რომლებსაც კლიენტი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ ეუბნება. მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა იმთავითვე იცოდეს, რომ მასთან საუბარი არის საიდუმლო და ეს საიდუმლო დაცული იქნება მიდმივად. თუ კლიენტმა დაკარგა რწმენა, რომ მისი საიდუმლო დაცულია, მთელი ურთიერთობა ინგრევა. არა მხოლოდ ურთიერთობა, ინგრევა ადვოკატის რეპუტაცია. ეს კი დაუშვებელია. 

ჩემთვის კომუნიკაცია არის ის ხიდი, რომელიც ნდობას აძლიერებს. მე ვცდილობ, კლიენტი ყოველთვის იყოს ინფორმირებული: რა ხდება საქმეში, რა ნაბიჯები გადავდგი და რას ვგეგმავ შემდეგში.

ზოგჯერ ამას პირისპირ შეხვედრებით ვაკეთებ, ზოგჯერ ტელეფონით, ზოგჯერ კი ვიდეოკონსულტაციით. ჩემი პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაურკვევლობა ყველაზე დიდი მტერია ნდობისთვის. თუ კლიენტი ვერ ხვდება, რა ხდება, მაშინვე ჩნდება უნდობლობა.
საოჯახო საქმეებზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა.

ჩემი გამოცდილებით, საოჯახო საქმეებში ადვოკატის როლი სცდება მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოებს. მე ვხედავ საკუთარ თავს როგორც დამცველს, მრჩეველს და მედიატორს. ვიცი, რომ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს აქვს ჩემი იმედი და პატივისცემა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი