ავტორი: ნიკა სადრაძე
სისხლის სამართლის ადვოკატი; საადვოკატო სკოლა „თავისუფალი პროფესიის თაობა/Gen F“ დამფუძნებელი/ლექტორი; ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრი; სპეციალიზირებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის წევრი.
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია პროცესის ეტაპობრივი და ეფექტიანი წარმართვის მექანიზმებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის წინასასამართლო სხდომა. ამ ეტაპზე წყდება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა მტკიცებულებების დასაშვებობა, საქმის არსებითი განხივლისთვის გადაცემა და ა.შ.
წინამდებარე სტატიის მიზანია გააანალიზოს წინასასამართლო სხდომის როლი, სამართლებრივი რეგულაცია და პრაქტიკული მნიშვნელობა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში, აგრეთვე შეისწავლოს შუამდგომლობების სისტემის არსი, დანიშნულება და გავლენა პროცესზე.
არ არის უბრალო ნათქვამი, რომ წინასასამართლო სხდომის (შემოკლებულად წსს) სწორად წარმართვა, შუამდგომლობების დაყენება მტკიცებულებების დასაშვებობა/დაუშვებლობასთან დაკავშირებით არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქმის წარმატებით დასრულებისკენ. ადვოკატს და დაცვის მხარეს მართებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ ეტაპს, რომლისთვის მომზადებაც იწყება წინასასამართლო სხდომამდე, მაშინ როდესაც დაცვის მხარე სრულად ჩაიბარებს გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და მასალებს ანუ გამოძიება დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეს. და რატომ, პირველი და ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი არის ის, თუ რამდენად კანონიერად აქვს მოპოვებული ბრალდების მხარეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამდენად კანონიერად არის ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. მაგ: მოწმეთა გამოკითხვები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ა.შ თითოეული ბრალდების მხარის მიერ ჩაატრებული აღნიშნული ქმედების მიზანია რაიმე ფორმით შექმნას ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, ამ მტკიცებულებაზე დანიშნული ექსპერტიზით თუ სხვა მოქმედებით შექმნას მორიგი ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულება და ა.შ ამიტომ დაცვის მხარეს მართებს პირველ რიგში ყურადღებით გაეცნოს საქმის მასალებს და შეამოწმოს საქმეში ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული თითოეული მოქმედება რამდენად არის შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობასთან. თუკი დაცვის მხარე ჩათვლის, რომ რომელიმე მათგანი არ არის კანონთან შესაბამისობაში, დარღვეული მტკიცებულების მოპოვების წესი, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის არსებითი დარღვევით, საგამოძიებო თუ სხვა მოქმედების ამსახველი ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა უხეში დარღვევით ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარე იწყებს შესაბამისი შუამდგომლობის მომზადებას აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ანუ მივადექით იმ ეტაპს, როდესაც წინასასამართლო სხდომაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს მოსამართლის მიერ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე წარმოადგენს სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, მოსამართლე მიმართავს დაცვის მხარეს ხომ არ აქვს მას შუამდგომლობა ნუსხაში მითითებული რომელიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ. დაცვის მხარე იწყებს აღნიშნული შუამდგომლობის გაცნობას სასამართლოსთვის და მის დასაბუთებას. აქ თავისუფლებაა იმ კუთხით, რომ დაცვას შეუძლია მოითხოვოს ერთი, რამდენიმე ან სრულად ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა. თითოეული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნას სჭირდება დასაბუთება. დასაბუთება წარმოადგენს, ბუნებრივია, ყველაზე რთულ ეტაპს, დაცვამ უნდა დაარწმუნოს მოსამართლე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული მოქმედებები უკანონოა. მაგალითად: შესაძლებელია საქმეში იყოს კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, თუმცა არ იყოს შესაბამისი სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოხდა ამ ინფორმაციის გამოთხოვა და აღნიშნული გამომძიებელმა განახორციელა თავისი სურვილით, ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე. კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გამომძიებელმა იმიტომ ჩადო საქმეში, რომ ის ბრალდებულის საწინააღმდეგოა. დაცვის მხარეს არ უნდა გამოეპაროს ეს გარემოება, რადგან შუამდგომლობის დაყენებით ამ ინფორმაციის დაუშვებლად ცნობის შესახებ და დასაბუთებით, რომ მის გამოთხოვას სჭირდებოდა სასამართლო კონტროლი, განჩინება ის მიაღწევს იმ შედეგს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი საქმიდან ამორიცხვა/ამოგდებას და მას ბრალდების მხარე ვეღარ გამოიყენებს საქმის არსებით განხილვაზე. მოვიყვანოთ სხვა მაგალითიც, დავუშვათ საქმეში დევს ფარული აუდიო/ვიდეო ჩანაწერი მოპოვებული კერძო პირის მიერ და ეს ჩანაწერი არის ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულება. კერძო პირმა ეს ჩანაწერი მიიტანა გამომძიებელთან და განცხადების საფუძველზე გამომძიებელმა დაურთო საქმეს, როგორც მტკიცებულება. ბუნებრივია, დაცვის მხარემ აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაც უნდა მოითხოვოს, რადგან ის კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული. შესაძლებელია საქმეში იყოს ჩატარებული რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედება, რომლის ავტორია ერთი და იგივე გამომძიებელი. დაცვის მხარემ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროებს (დაწყების დრო, დასრულების დრო) რადგან აკრძალულია და შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე გამომძიებელმა, დროის ერთ შუალედში, ჩაატაროს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. დაცვის მხარემ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობაც უნდა მოითხოვოს წინასასამართლო სხდომაზე, და მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება ავტომატურად გამოიწვევს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საქმიდან ამორიცხვას. და აი აქ ვეხებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, ე.წ ჯაჭვურ რეაქციას, ან თუნდაც დავარქვათ „სამართლებრივი დომინოს პრინციპი“. როდესაც ერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა ავტომატურად იწვევს ამ მტკიცებულების შედეგად მოპოვებული სხვა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასაც, რამაც შეიძლება სრულიად ხელცარიელი დატოვოს ბრალდების მხარე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ წინასასამართლო სხდომა თავისი ხასიათით ვერ იქნება ფორმალური, ის ყველაზე მნიშვნელოვანია. შეუძლებელია მას შეხედო ზერელედ და იმედები დაამყარო მხოლოდ საქმის არსებით განხილვაზე. მაქსიმალურად უნდა ეცადოს დაცვა, რომ ბრალდების მხარე დატოვოს ხელცარიელი, მტკიცებულებების გარეშე უკვე წინასასამართლო სხდომაზევე. ამიტომ არ ვეთანხმები, რომ წსს-ს შეარქვეს უბრალოდ მოსამზადებელი სხდომა. ის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპია. ადვოკატის მთავარი ფუნქციაც ეს არის და ეფექტური დაცვაც ამას გულისხმობს, რომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება მართლმსაჯულების არც ერთ ეტაპზე, ადვოკატისთვის მთავარი ღირებულება მისი დაცვის ქვეშ მყოფია და ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი ინტერესებისთვის, განსაკუთრებით წინასასამართლო სხდომაზე. რატომ ვამბობ ამას, ბუნებრივია ბრალდებულისთვის, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება, შეუძლებელი იყოს თუნდაც საქმის მასალების გაცნობის შემდეგ იმის დადგენა რომელი მტკიცებულება არის კანონის დარღვევით მოპოვებული, ამის ცდონა შეუძლია მხოლოდ ადვოკატს.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული შუამდგომლობის დაყენების ფორმას. არსად გაწერილი არ არის, რომ ეს შუამდგომლობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი. შესაძლებელია მისი ზეპირი ფორმითაც დაყენება წინასასამართლო სხდომაზე. თუმცა მოსამართლეებს განსხვავებული პრაქტიკა აქვს, ზოგიერთი მოსამართლე ითხოვს მხოლოდ წერილობითი ფორმით. მიმაჩნია, რომ უმჯობესია წერილობითი ფორმით იყოს წარმოდგენილი შუამდგომლობა და ასლი გადაცემული მოსამართლისთვის, რომ სასამართლომაც შეძლოს უფრო ეფექტურად მისი გაცნობა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე მტკიცებულება კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული და დაცვის მხარე არ აყენებს შუამდგომლობას მისი დაუშვებლად ცნობის შესახებ წინასასამართლო სხდომაზე? გაგიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა, ამით ხომ ირღვევა ბრალდებულის უფლებები? რა თქმა უნდა. ბრალდების მხარე თავად არ მოითხოვს თავისი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას და ყველანაირად ეცდება ის გაიტანოს საქმის არსებით განხილვაზე. ვინ უნდა იყოს ასეთ დროს გარანტი ბრალდებულის უფლებების? ბუნებრივია მოსამართლე. მოსამართლე ვალდებულია იცნობდეს წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეს სრულად, რა მოცულობისაც არ უნდა იყოს ის მანამ სანამ გახსნის წინასასამართლო სხდომას და თუკი ვერ მოისმენს დაცვის მხარისგან შუამდგომლობას მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, ბრალდებულის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე თავად უნდა სცნოს მტკიცებულება დაუშვებლად. ვფიქრობ პრაქტიკაში ხშირი უნდა იყოს მოსამართლეთა მხრიდან მსგავსი ქმედება. ხომ შესაძლებელია თუკი სავალდებულო დაცვა არ არის სახეზე ბრალდებულს საერთოდ არ ჰყავდეს ადვოკატი პროცესზე? როგორ შეძლებს ის მსგავსი შუამდგომლობის დაყენებას?
წინასასამართლო სხდომას სხვა ბევრი ასპქეტიც აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ასპექტი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რა ხდება წინასასამართლო სხდომაზე მაშინ, თუკი ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პირველ სასამართლო პროცესზე პატიმრობა შეეფარდა? წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე მსჯელობს მის პატიმრობაში დატოვებაზე? ეხება ამ საკითხს? ბუნებრივია კი და ეს ისევ და ისევ კანონის დათქმიდან გამომდინარეობს. სასამართლო უფლებამოსილია მოისმინოს მხარეთა შუამდგომლობები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად კანონიერია ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა და თუკი ასეთი სახის შუამდგომლობები არ არის, ვალდებულია თავისი ინიციატივით გადასინჯოს პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობა. ადვოკატმა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში იმყოფება წინასასამართლო სხდომამდე ამ საკითხზეც უნდა იფიქროს. ფიქრი კი ნიშნავს ქმედებას, რომ თუკი ობიექტურად ამის შესაძლებლობა არსებობს წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვოს რაიმე ტიპის ახალი გარემოება, მტკიცებულება, რომელიც მას დაეხმარება წინასასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის დასაბუთებაში, რომ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით ან სულაც ბრალდებულს არც ერთი აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეეფარდოს. კანონში ზუსტად არსად გაწერილი არ არის, როგორი უნდა იყოს ეს ახალი გარემობა, რა ფორმით და სახით უნდა არსებობდეს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ისეთი ტიპის საქმეებზე, სადაც დაზარალებული არსებობს, მისი ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მას პრეტენზია არ აქვს ბრალდებულის მიმართ და არ სურს მისი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. დაცვის მხარემ, თავის შეუამდგომლობას პატიმრობის გაუქმების შესახებ, აღნიშნული დოკუმენტი უნდა დაურთოს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს დაცვის მხარის მიერ იმის დასაბუთება, რომ რადგან წინასასამართლო სხდომაა ესეიგი გამოძიება დასრულებულია, ყველა მოქმედება ჩატარებულია და შესაბამისად არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, თუკი ის თავისუფლებაზე იქნება, გამოძიებისთვის ხელ შეშლის ან მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. და თუნდაც იმაზე აპელირება, რაზეც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით. თუ ადვოკატი ამ შუამდგომლობის განხილვამდე მოახერხებს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მნიშვნელოვან მტკიცებულებათა დაუშვებლობას მიაღწევს, პატიმრობის გაუქმებაზე მსჯელობისას მას არგუმენტად ეს გარემოებაც ექნება. სხვა საკითხია პრაქტიკაში ეს რამდენად ხშირად ხდება, ან ხდება თუ არა საერთოდ მოსამართლეთა მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და შუამდგომლობების დაკმაყოფილება, მაგრამ დაცვის მხარის ბრძოლა სტატისტიკაზე არ უნდა იყოს დაყრდნობილი, ყველა ვარიანტში ყველა გარემოება უნდა იქნეს გამოყენებული ადვოკატის მიერ დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებისთვის.
რა ხდება წინასასამართლო სხდომის ბოლოს? ამ ბოლო ეტაპს პრაქტიკამ ფორმალური სახე შესძინა, მაგრამ... მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ დაცვის მხარეს აქვს უფლება დააყენოს შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე არ გადაეცეს არსებითად განსახილველად და ბრალდებულის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. რატომ ფორმალური? უიშვიათესია მოსამართლეთა მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევა. „უიშვიათესი“ მსუბუქად ნათქვამია. და მაინც... თუკი ბრალდების მხარე დარჩება მნიშვნელოვანი ბრალდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებების გარეშე, რომელიც კანონის დარღვევით მოპოვების გამო დაუშვებლად იქნა ცნობილი, აზრი აქვს საქმის არსებით განხილვას? არსებით განხილვაზე მხოლოდ პროკურორის სიტყვები, რომ ბრალდებული დამნაშავეა საკმარისი ხომ ვერ იქნება? შესაბამისად, წსს-ს მოსამართლეს შეუძლია ასეთ დროს შეწყვიტოს დევნა ბრალდებულის მიმართ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რაც ფაქტობრივად ტოლფასია გამამართლებელი განაჩენის. ანუ ამით მოსამართლე ამბობს, რომ აზრი ეკარგება საქმის არსებით განხილვას. თუმცა გავიხსენოთ სიტყვა „უიშვიათესი“.
აი ამ მნიშვნელოვანი საკითხებისგან შედგება წინასასამართლო სხდომა. და მიუხედავად პრაქტიკაში არსებული მიდგომებისა დაცვის მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს შედეგის მისაღებად და მცირედი შედეგიც კი გაუმარტივებს მას საქმის არსებით განხილვაზე სასურველი შედეგის მიღებას.
რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემებში წინასასამართლო სხდომას, სხვადასხვა ქვეყნების სისტემაში წინასასამართლო ეტაპი განსხვავებული ინტენსივობით და ფორმით არის წარმოდგენილი.
მაგალითად, აშშ-ში მოქმედებს ე.წ. "pre-trial hearing" სისტემა, სადაც მოსამართლე განიხილავს მხარეთა პოზიციებს, ამოწმებს მტკიცებულებებს და ხშირად იღებს გადაწყვეტილებას "plea bargain"-ის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სასამართლო პროცესის ხანგრძლივობას.
გაერთიანებულ სამეფოში წინასასამართლო სხდომა ასევე ასრულებს პროცესის მოსამზადებელ ფუნქციას და ითვალისწინებს მხარეთა მიერ მტკიცებულებების გაზიარებას (disclosure), რაც ზრდის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.
ევროპული კონვენციის 6-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პროცესის ყველა ეტაპი, მათ შორის წინასასამართლო სხდომა, უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს.