ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში და არსებული გამოწვევები

19 ივლისი 2024



ავტორი: ლედი კორძაძე
სპეციალიზირებულ საქმეთა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი


მართლმსაჯულების განხორციელებაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსაკუთრებული მოვლენაა. მოსამართლე მოცემულ შემთხვევაში გვევლინება, როგორც არბიტრი, ხოლო მოქალაქე, რომელიც წარმოადგენს ნაფიც მსაჯულს, წყვეტს თავისი საზოგადოების წევრის ბედს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, დემოკრატიული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, მსოფლიოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. რაც შეეხება საქართველოს, იგი დამკვიდრდა 2010 წლიდან და დღემდე ასობით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისტორიის შესახებ, საინტერესო ნაშრომი აქვს მომზადებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს. აღნიშნულ წიგნში ვეცნობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მსოფლიო ისტორიას და ასევე იმას, რომ საქართველოში, მე-11 საუკუნემდე ქართულ სამართალში „მოსამართლის“ ცნებას აღნიშნავდნენ ტერმინებით - „მსაჯული“, „ბჭე“, ასევე, ხევსურეთის ჩვეულებითი სამართლისათვის დამახასიათებელი იყო სამართალწარმოების ისეთი სახე, როგორიც იყო რჯული, ანუ 4-დან 12-მდე კაცისაგან-რჩეული პირებისაგან, ძირითადად უხუცესებისაგან-შემდგარი სასამართლო. ამ სასამართლოს წევრებს მსაჯულებს უწოდებდნენ, ისინი ძველი ადათ-ჩვევების მიხედვით იხილავდნენ სადაო საკითხებს, მოსისხლეთა შერიგებას, ქურდობის, განქორწინებისა და სხვა მსგავს საქმეებს.

ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა დუშეთის მაზრაში, იმედი ჰქონდა, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო საქართველოშიც ამოქმედდებოდა, მაგრამ მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების იმედს ასრულება არ ეწერა.

მოგვიანებით 1919 წლის 17 იანვარს, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს“ შემოღების შესახებ. ამ კანონის თანახმად ნაფიცი მსაჯულები, 12 კაცის შემადგენლობით, მოსამართლისაგან დამოუკიდებლად წყვეტდნენ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა-არცნობის საკითხს. ნაფის მსაჯულად აირჩეოდა 25 წელს  მიღწეული პირი, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე, ფლობდა სახელმწიფო ენას და არანაკლებ ერთი წელი ცხოვრობდა საქართველოში. აღნიშნული კანონით არსებობდა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, ვის არ შეეძლო ყოფილიყო ნაფიცი მსაჯული.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ნაფიცი მსაჯულები შეიცვალნენ სახალხო მსაჯულებით, რომლებიც ფორმალურად განასახიერებდნენ მსაჯულის ფუნქციას სასამართლოში.

და ბოლოს, 2010 წელს როდესაც საქართველოში ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაცია იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა საქართველოში. თუმცა ისტორია ცხადყოფს, რომ ქართველ ხალხს გაცილებით ადრე ჰქონდა მცდელობა, ეს ინსტიტუტი დანერგილიყო ქართულ მართლმსაჯულებაში.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. იმ ქვეყნებშიც კი სადაც ეს ინსტიტუტი დიდი ხანია მოქმედებს, არსებობენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც თვლიან, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, იგი არის მოუქნელი და ნელი და ყველაზე მთავარი, ისინი აცხადებენ რომ არ შეიძლება არაპროფესიონალ ადამიანს მიენდოს გადაწყვეტილების მიღება. საბედნიეროდ ამ ინსტიტუტის მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან და მთავარ ღირსებად მიიჩნევენ იმას, რომ ნაფიცი მსაჯულები არიან დამოუკიდებლები და მათი მონაწილეობით სასამართლო განხილვის დროს, პროცესი არის მაქსიმალურად შეჯიბრებითი და მხარეები გვევლინებიან თანასწორ მდგომარეობაში. გარდა იმისა, რომ პროცესი არის მეტად შეჯიბრებითი, ასევე ეს ინსტიტუტი ემსახურება საზოგადოების მართლშეგნების გაძლიერებას, ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოსთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებაზე და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე.  

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს მართლმსაჯულება, რითაც ხელი შეუწყოს ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობას, ვინაიდან სამართლიანი მართლმსაჯულება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა და მის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა.

საქართველოში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი განვითარების ეტაპზეა, დაარსებიდან დღემდე არსებობდა არაერთი გამოწვევა, ნაწილი გადაილახა, ნაწილი კი დღემდე რჩება აქტუალური და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ყველა გამოწვევის დაძლევა და ამ ინსტიტუტის ისეთი სახით ჩამოყალიბება, რომ იგი გახდეს მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტი, ძლიერი და დამოუკიდებელი.

ვიდრე გამოწვევებზე ვისაუბრებდეთ, ზოგადად ვისაუბროთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე საქართველოში. იგი მოქმედებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში და ასევე, გორის და თელავის რაიონულ სასამართლოებში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება მათი სამოქმედო ტერიტორიები. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, სამწუხაროდ განიხილება საქმეთა განსაზღვრული კატეგორიები და იგი დღეის მდომარეობით ვერ ფარავს ყველა სისხლის სამართლის საქმეს და მით უფრო სამოქალაქო კატეგორიის საქმეებზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია (როგორც ეს ხდება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს ჩამონათვალს რა შემთხვევაშია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი საქმე და ესენია: თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული), 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებით, 144-ე-1442 მუხლებით, 1443  მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა დაცვის მხარის, კერძოდ ბრალდებულის სურვილზეა დამოკიდებული, თუ იგი უარს განაცხადებს მისი საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა, ასეთ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აირჩევს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე, მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით, რომელთაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არაუგვიანეს 15 დღისა ეგზავნებათ კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს შეკითხვებს და 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შევსებული კითხვარი სასამართლოს.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. საქმისათვის უნდა შეირჩეს 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული. მხარეს უფლება აქვს დააყენოს ნაფიც მსაჯულთა კანდიდატის აცილება, როგორც დასაბუთებული, ასევე დაუსაბუთებელი. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მხარეს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევაში მხარე უფლებამოსიალია 6 დაუსაბუთებელი აცილება განაცხადოს. ასევე, მსაჯულობის კანდიდატს, შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში (რაც უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა დღევანდელ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში). მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილების თაობაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს დათქმას ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული. სსსკ-ის 29-ე მუხლის თანახმად, პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა პროცესში, თუ: 

ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში-იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
დ) არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შსრულებას;

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს, პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის: 

ა) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) პროკურორი;
გ) გამომძიებელი;
დ) პოლიციელი;
დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
ე) ადვოკატი;
ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
ზ) სასულიერო პირი;
თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
ი) ბრალდებული;
კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
ლ) ნასამართლევი;

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულობაზე თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; 
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია;

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებელი ზემოხსენებული საფუძვლების არსებობისას, პირის მიერ ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლოს არ ავალდებულებს პირი გაათაავისუფლოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით პირის მიერ საფუძვლის არსებობისას უარის თქმის უფლება, გამორიცხავს მის მონაწილეობას, თუმცა საქართველოს სსსკ-ის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში, პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან და კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ინდივიდუალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის მიერ ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმის უფლება, არ არის შეუზღუდავი და სასამართლოს შეუძლია, უარის მიუხედავად იგი არ გაათავისუფლოს მოვალეობის შესრულებისაგან.

მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, შერჩეულ იქნება საჭირო რაოდენობის ნაფიცი მსაჯულები, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს არსებითი განხილვის სხდომას, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, სადაც პირველივე არსებითი განხილვის სხდომაზე, წილისყრის საფუძველზე შეირჩევა უფროსი ნაფიცი მსაჯული და ძირითადი და სათადარიგო მსაჯულები. ნაფიცი მსაჯულები სასამართლოს წინაშე დებენ ფიცს, რომ მიუკერძოებლად და პატიოსნად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში და კანონით დადგენილ ვადაში გამოაქვთ ვერდიქტი, ბრალდებულის უდანაშაულობის ან ბრალეულობის თაობაზე, შესაბამისად ვერდიქტი არის ორი სახის: გამამართლებელი ან გამამტყუნებელი. 

სისხლის სამართლის პროცესში ნაფიცი მსაჯულები სარგებლობენ მთელი რიგი უფლებებით და მოვალეობებით. იყო ნაფიცი მსაჯული, ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას კონკრეტული საქმისა და ასევე ქვეყნის წინაშე, ვინაიდან თითოეული მოქალაქის მიერ ნაფიცი მსაჯულობის მოვალეობის შესრულება, არის ერთი დადებული აგური ძლიერი სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების მშენებლობისას. შესაბამისად, ვინაიდან პასუხისმგებლობა ასეთი დიდია, რა თქმა უნდა, მათ უფლებებთან ერთად აკისრიათ მოვალეობები და საქმიანობის განხორციელებისას, ისინი შეზღუდული არიან კანონით და ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, დაემორჩილონ მოსამართლის მითითებებს, არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული საკითხები და შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც კანონი ავალდებულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, მათ დაეკისროთ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმისათვის, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა, დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ ჯეროვნად, კანონმდებელმა მათ განუსაზღვრა მთელი რიგი უფლებები, ვინაიდან ისინი ასრულებენ მოსამართლის როლს საქმეში და საბოლოო ვერდიქტი  მათ უნდა მიიღონ, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ უფლებების გარეშე მათი მონაწილეობა პროცესში. შესაბამისად კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:

ა) სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;
ბ) წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: სხდომის თავმჯდომარისაგან-კანონის შესახებ, მოწმეთაგან-ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მხარეთაგან-დასკვნითი სიტყვების შესახებ;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ. 

ნაფიცი მსაჯულები  და მსაჯულობის კანდიდატები, ასევე სარგებლობენ სოციალური გარანტიებით. კერძოდ, მათ უფლება აქვთ სახელმწიფოსაგან მიიღონ ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი დღეის მდგომარეობით საჭიროებს მოწესრიგებას და როდესაც გამოწვევებზე და პრობლემებზე ვსაუბრობთ, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, ის რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის თვითდასაქმებული და ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არ ხდება მათთვის ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულების დროს, იმ შემოსავლის ანაზღაურება, რასაც ის მიიღებდა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც იგი ასრულებს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას, რაც  ქმნის ძალიან დიდ პრობლემას და ხშირად ხდება საფუძველი იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატმა სასამართლოს წინაშე დააყენოს თვითაცილება. მართალია, თითოეულმა მოქალაქემ, ნაფიცი მსაჯულობა უნდა აღიქვას, როგორც მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და საზოგადოების ცნობიერების გათვალისწინებით, ვფიქრობ ეს საკითხი ძალზედ აფერხებს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესს და ასევე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს, რომელსაც არაერთი პასუხისმგებლობა და ფინანსური ვალდებულება აქვს, უჩნდება პროტესტის შეგრძნება სახელმწიფოს მიმართ და იგი ვერ იაზრებს მის როლს ამ პროცესში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თვითდასაქმებული ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯულობის მოვალეობის შესრულების პერიოდში მოხდეს, პროპორციული ანაზრაურება იმ შემოსავლის რასაც ის კონკრეტულ პერიოდში მიიღებდა.

საზოგადოების ცნობიერებას რაც შეეხება, აღნიშნული იყო და რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში. ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე (მაგ: განზრახ მკვლელობა) საზოგადოების ნაწილის პოზიციაა, ბრალდებულის ჩაქოლვა, სიკვდილით დასჯა, ადვოკატის დასაცავ პირთან გაიგივება, დაცვის უფლების არარსებობის სურვილი მსაგავსი კატეგორიის საქმეებზე, რა თქმა უნდა, რთულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობის გააზრება და მით უფრო რთულია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ, რაც საგრძნობლად შეიმჩნევა შერჩევის სხდომებზე, თუნდაც გამოცხადებულ კანდიდატთა რაოდენობით, რაც, რა თქმა უნდა, შედეგია სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოებული კამპანიებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაციას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ძალისხმევა, აღნიშნული მიმართულებით და 2023-2024 წლებში ჩატარებული ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მონაწილეობას იღებდა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ნაფიც მსაჯულებად მონაწილეობდნენ, ასევე ამავე უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტების ასობით სტუდენტი. პროექტი საქართველოს პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, ჩემპიონატმა ხელი შეუწყო მომავალი იურისტების დატრენინგებას და მათი უნარების გაუმჯობესებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კუთხით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასობით სტუდენტმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ნაფიც მსაჯულად, მიიღო ინფორმაცია ამ ინსტიტუტის თაობაზე. უმეტესობა მათგანს არ ჰქონდა გაცნობიერებული ნაფიცი მსაჯულის როლი და მნიშვნელობა, მათი უკუკავშირი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) მხარდაჭერით ჩაატარა. მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ღონისძიებები, რათა საბოლოოდ მივაღწიოთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 

ასევე, უნდა აღინიშნოს 2021 წლის დეკლარაცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ და რომლის ინიციატორიც იყო იურიდიული დახმარების სამსახური, დეკლარაციის ხელმომწერები იყვნენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციიაციის თავმჯდომარე. მოძრაობას მხარი დაუჭირა ევროპის საბჭომ (COE) და ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” USAID/PROLoG -მა. მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულება იყო ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესები. რაც მიზნად ისახავდა, საზოგადოებაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდას, მართლმსაჯულების ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, ადგილობრივი მოსახლეობის მომზადებას რეალური სასამართლო პროცესებისათვის. აღნიშნულ კამპანიას იურიდიული დახმარების სამხასური დღემდე ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, უწყებების ერთობლივი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით უნდა მოხდეს არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არამედ მხარეების მომზადება, ვინაიდან კვალიფიციური და ძლიერი მხარე, პირდაპირაა დაკავშირებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებასთან.

სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის ფონზე, სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ჩვეულებრივი მოქალაქეეების მიერ ზრდის პროცესის სანდოობას და ასევე, ხელისუფლების სასამართლოზე გავლენის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. ბრალდებულის საქმის განხილვაზე საზოგადოების ჩართულობას შეუძლია გაანეიტრალოს განცდა, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ბრალდებულის წინააღმდეგაა მიმართული და მას არ აქვს შანსი შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, თანაბარ პირობებში, დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. სწორედ ეს არგუმენტები გახდა საფუძველი იმის,  რის გამოც წლების წინ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შეიქმნა. თავდაპირველად მისი განსჯადი მხოლოდ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები იყო, თუმცა თანდათან გაიზარდა განსჯადი საქმეების რაოდენობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩამონათვალი არის ძალიან მცირე. ფაქტია, ერთბაშად მუხლების გაფართოება რთულ სიტუაციას გამოიწვევს, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური და ფიზიკური რესურსის კუთხით. საერთო სასამართლოებში არ არის საკმარისი რაოდენობის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზები, ასევე მოსახლეობის ცნობიერების კუთხითაც შეიქმნება მსაჯულთა შერჩევის დროს პრობლემა და რაც ყველაზე მთავარია, არ არის სათანადოდ გადამზადებული, კვალიფიციური, კადრების საკმარისი რაოდენობა.  ფაქტია, რომ სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე, ჩვენ 2010 წელს ვთქვით, რომ გვინდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, შესაბამისად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბრალდებულები არ აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია რა კუთხით მოხდა განსჯადი მუხლების შერჩევა და ბრალდებულს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეზეა ბრალდებული და სასჯელის სახედ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, (მაგ:260-ე მუხლი) უნდა დარჩეს თუ არა დისკრიმინაციის განცდა, მაშინ როცა მძიმე კატეგორიის საქმეებს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო? (მაგ: 126-ე მუხლი). 

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდების ბოლო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, დასრულებულ მკვლელობის ფაქტს აკვალიფიცირებენ მკვლელობის მცდელობად, რითიც ბრალდებულს ერთმევა მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის უფლება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  226-ე მუხლის პირველ ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქუნქტის  ნორმატიულ შინაარსი ბრლდების მხარეს ანიჭებს უფლებას (პრივილეგიას) ქმედება დააკვალიფიციროს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობად და წაართვას ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება, მსგავსი მოწესრიგება ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპს და საბოლოოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან პრინციპს. ამავე დროს პროკურორის ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს ვერ გადის, რასთან დაკავშირებითაც, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიიღო მოქალაქე ნიკა საბაშვილის საკონსტიტუციო სარჩელი და ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი სადაო ნორმის შინაარსი, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არღვევს ბრალდებული პირის ფუნდამენტურ უფლებებს.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისკენ სწრაფვა, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის და არამხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპის გატარებას. საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების პროცესი შეუძლებელია, ხოლო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების აღსრულებაში საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.


 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი