ადვოკატის როლი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის პრევენციულ სისტემაში

22 ნოემბერი 2023


ავტორი: თამთა ქლიბაძე
AML/CFT (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის) შესაბამისობის ექსპერტი



ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) ხელშეწყობის სამართლებრივი სისტემა ქართულ კანონმდებლობაში ეფუძნება ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force - FATF) რეკომენდაციებს. ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი AML/CFT სფეროში უნივერსალური სტანდარტების დამდგენია და მისი რეკომენდაციები საჭიროებისამებრ, გარკვეული პერიოდულობით იცვლება და იხვეწება. 2003 წელს, FATF-მა AML/CFT პრევენციული სისტემის შემადგენელ კომპონენტად ადვოკატის პროფესიაც მოიაზრა, რამაც ქართულ კანონმდებლობაში ასახვა 2013 წლიდან ჰპოვა. შესაბამისად, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით (AML/CFT კანონი), ადვოკატებს და საადვოკატო ბიუროებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაში გარკვეული როლი აკისრიათ.

AML/CFT ვალდებულებები და მათი შესრულების მნიშვნელობა საქართველოსთვის და საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებლისათვის

საქართველოსთვის: საქართველო ევროპის საბჭოს (Council of Europe) წევრი ქვეყანაა და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval/მანივალი) საქმიანობაში იღებს მონაწილეობას. მანივალის კომიტეტი მონიტორინგის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენს წევრი ქვეყნების შესაბამისობის შემოწმება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და უმთავრესად FATF-ის რეკომენდაციებთან. აღნიშნული მანდატის განსახორციელებლად, მანივალის კომიტეტი მრავალმხრივი შეფასების პროცედურას ახორციელებს და პლენარულ სხდომაზე ამტკიცებს ქვეყნის შეფასების ანგარიშს. თუ შეფასება გამოავლენს, რომ ქვეყნის AML/CFT პრევენციული სისტემა ნაკლოვანებებით ხასიათდება, გამოიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგიც განგრძობადი პროცესია, ხოლო შეუსრულებლობისათვის მანივალს აღსრულების გარკვეული მექანიზმებიც გააჩნია (მაგალითად, მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანა ხვდება მაღალი რისკის იურისდიქციების სიაში, რაც მაგალითისთვის, აფერხებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებას მსოფლიოს მასშტაბით). 

კარგი შეფასების მიღება/რეკომენდაციების აღსრულება ქვეყნის პრესტიჟის წინაპირობაა იმისათვის, რომ საფინანსო და არასაფინანსო საქმიანობები ხელშეუშლელად და ეფექტურად განხორციელდეს. 

ამავდროულად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების დანართს, ფინანსური სისტემის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების თავიდან აცილების შესახებ დირექტივაც ახლავს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში AML/CFT პრევენციულ სისტემას აყალიბებს. აღნიშნულ დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან აქვს.

საქართველოს ევროპის კავშირთან დაახლოების გზაზე, ასევე მსოფლიოში დადებითი რეიტინგის მქონე ქვეყნად წარმოჩენისთვის, ესაჭიროება FATF რეკომენდაციების სწორად აღსრულება.

საქართველოს ბოლო შეფასება 2020 წელს დამტკიცდა. შეფასების ანგარიშში საუბარია იმ რეკომენდაციებზეც, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა შესრულდეს. გამოთქმული რეკომენდაციები ეხება საადვოკატო საქმიანობასაც.

პროფესიის წარმომადგენლებისათვის: ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების (რომელმაც ასახვა ჰპოვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთს ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში) მთავარი მიზანია, რომ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს გასაწევი მომსახურება არ იქნეს გამოყენებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების უკანონო მიზნებისათვის. სამართალდამრღვევის მიზანია, უკანონოდ მიღებულ ფინანსურ სახსრებს კანონიერი სახე შესძინოს, ამ პროცესში კი საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში გასაწევი მომსახურების გამოყენება მიღებული პრაქტიკაა იმისათვის, რომ სახსრების წარმომავლობის ნამდვილი სახე დაიმალოს, გარიგებას ლეგიტიმური გარიგების სახე მიეცეს.

FATF-ის რეკომენდაციების მთავარი მიზანი თანხვედრაშია ადვოკატის პროფესიასთან, რომელიც ეთიკურ ვალდებულებებს უკვე ექვემდებარება და რომელიც სამართლისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე დგას. ამასთან, ადვოკატებს არ მოეთხოვებათ საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენა, თუკი შესაბამისი ინფორმაცია მოპოვებული იქნა ისეთ სიტუაციაში რაც ვარდება პროფესიული საიდუმლოების შემთხვევებში.

როგორ მუშაობს AML/CFT სისტემა

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირები, (ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების გარდა, ამ სიაში არიან ფინანსური ინსტიტუტები (მაგალითად, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო კომპანია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პროფესიები (მაგალითად, ნოტარიუსი, აუდიტორი, სერტიფიცირებული ბუღალტერი, ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი) ვალდებულნი არიან კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ან ერთჯერადი გარიგების დადებამდე განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები და თუკი სახეზეა საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობა, ამის თაობაზე ანგარიშგება გააგზავნოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. 

გარდა საეჭვო ანგარიშგებისა, კანონი ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აძლევს უფლებას დაადგინოს ზღვარს ზემოთ გარიგებათა ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ეჭვის არსებობის მიუხედავად უნდა გაიგზავნოს. ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ზღვარს ზემოთ გარიგებათა ჩამონათვალი არ განუსაზღვრავს, შესაბამისად, ვალდებულება ანგარიშგების გაგზავნის შესახებ მხოლოდ საეჭვო გარიგების არსებობის შემთხვევაში არსებობს.

ადვოკატებს/საადვოკატო ბიუროებს შეუძლიათ ანგარიშგება გააგზავნონ ადვოკატთა ასოციაციაშიც, რომელიც თავის მხრივ ანგარიშგებას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენილი ანგარიშგება ანალიზდება ფინანსური დაზვერვის სამსახურის (ფინანსური მონიტორინგის სამსახურის) მიერ და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებში იგზავნება.

მომსახურების რა სახეობაზე ვრცელდება ვალდებულებები

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, ადვოკატის პროფესიის პრინციპებია კანონიერება, პროფესიული კომპეტენტურობა, კეთისინდისიერება, კარგი რეპუტაცია, დამოუკიდებლობა, პროფესიული საიდუმლოების დაცვა, ეთიკის ნორმების დაცვა და სხვ.

ადვოკატის პროფესიის AML/CFT სისტემაში ინტეგრირებას არ ჩაუვლია სასამართლოს განხილვის გარეშე და ყველაზე ცნობილ პრეცენდენტულ საქმეში (Michaud v. France no 12323/11, 6 მარტი, 2013) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დადგინა კონვენციის  მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. საქმეში გასაჩივრებული იყო AML/CFT ვალდებულებების ადვოკატის პროფესიისთვის დაკისრება იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული ვალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადვოკატსა და კლიენტს შორის ინფორმაციის გაცვლისას კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპთან. სასამართლომ საეჭვო გარიგების ფინანსური დაზვერვის სამსახურში გაგზავნის ვალდებულება აუცილებელ ზომად მიიჩნია იმისათვის, რომ დანაშაულის პრევენცია მოხდეს, შესაბამისად ამგვარი ვალდებულების არსებობა პროფესიული საიდუმლოების არაპროპორციულ დარღვევად არ მიიჩნია. 

საადვოკატო საქმიანობა მრავალმხრივია და მასზე FATF რეკომენდაციები და შესაბამისად „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა შემთხვევაში არ ვრცელდება. FATF-მა გამოყო მომსახურებების ის ჩამონათვალი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მიღებული სახსრების გათეთრების ეტაპზე დამნაშავეებისათვის მიმზიდველია.

ადვოკატებზე, საადვოკატო ფირმებზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის კლიენტს უწევს შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას:

ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება;
ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა;
გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა;
დ) იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობის ან მართვის მიზნებისთვის შენატანების ორგანიზება;
ე) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;
ვ) სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან აქციების ყიდვა-გაყიდვა.

ფიზიკურ პირზე მოთხოვნები ვრცელდება, თუკი იგი დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას. თუ  ფიზიკური პირი საადვოკატო ბიუროს (იურიდიული პირის) პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს, კანონის მოთხოვნები ვრცელდება იურიდიულ პირზე.

ადვოკატი ანგარიშგებას ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგენს იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას. აღნიშნული თანხვედრაშია FATF რეკომენდაციებთან, რომელიც არ ავალდებულებს ადვოკატს საეჭვო ანგარიშგების წარდგენას, თუკი რელევანტური ინფორმაცია მოპოვებული იქნა იმ სიტუაციაში, რომელიც ვარდება პროფესიული საიდუმლოების ან პროფესიული პრივილეგიის (legal professional privilege) განმარტებაში. როგორც წესი, ამ გამონაკლისში შედის კლიენტის სასამართლოში წარმომადგენლობა და პროცესში გამჟღავნებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელზეც AML/CFT ვალდებულებები არ უნდა გავრცელდეს.


საქართველოში არსებულ AML/CFT სისტემაზე დეტალური შეფასება მანივალის 2020 წლის საქართველოს ერთობლივი შეფასების ანგარიშში (Mutual Evaluation Report of Georgia by MONEYVAL) იკითხება. დოკუმენტში საუბარია მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის  და ადვოკატის პროფესიის როლზე და ისეთი თემების გარშემოც როგორებიცაა ზედამხედველობა, ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება და სხვ. 

საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების მხრივ საყურადღებო ნიშნები

კრიმინალებმა, რომლებსაც ფულის გათეთრება ან/და ტერორიზმის დაფინანსება სურთ, საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში განსახორციელებელი იურიდიული მომსახურება შესაძლოა საფინანსო, კორპორატიული ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციებისათვის ლეგიტიმური სახის მისაცემად გამოიყენონ.

დანაშაულებრივი გზით მიღებული აქტივების გათეთრების პროცესში დამნაშავის მიერ ადვოკატის ჩართულობას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, ადვოკატის ტრანზაქციაში ჩართულობა ტრანზაქციას მეტად რესპექტაბელურს და ლეგიტიმური შინაარსის სახეს აძლევს. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ გარიგებების სახეობები, რომელიც FATF-მა განსაზღვრა, ყველაზე მოწყვლადია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისათვის, შესაბამისად მიმზიდველია კრიმინალებისათვის.

მიღებული პრაქტიკაა, რომ ადვოკატი ემორჩილება კანონს და მის პროფესიულ ვალდებულებებს, მას არ აქვს სურვილი ჩართული იყოს ფულის გათეთრებისა ან/და ტერორიზმის დაფინანსების აქტივობაში. ადვოკატის პროფესიული პრინციპებიდან გამომდინარე,  იმ მოწყვლადი მიმართულებების გარშემო, სადაც იურიდიული სერვისების არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, ადვოკატს ევალება წვლილი შეიტანოს უკანონო შემოსავლის კანონიერი სახის მიცემის მიზნებისათვის, სახსრების კანონიერ სისტემაში განთავსების პრევენციაში საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარდგენით.

ამ მიზნით, პროფესიის წარმომადგენლები ყურადღებით უნდა იყვნენ საყურადღებო ნიშნებთან, დაიცვან ადვოკატის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და შეძლონ განასხვავონ ლეგიტიმური კლიენტის სურვილები კრიმინალი კლიენტის სურვილებისაგან.

ადვოკატის მომსახურების სარგებლობისას, საეჭვოობის განცდა შესაძლოა ბევრმა ფაქტორმა განაპირობოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საყურადღებო ფაქტორების გამოვლენა არ ნიშნავს ავტომატურად ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას და გარიგების საეჭვოობას, უფრო მეტიც, ყველა ეს საყურადღებო ნიშანი რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.

საყურადღებო ნიშნები შესაძლოა გამომდინარეობდეს თავად კლიენტიდან, მომსახურების სახეობიდან, გეოგრაფიიდან. მაგალითად, თუკი კლიენტი გულმოდგინებით მალავს მის ვინაობას, სახსრების წარმომავლობას, თავს არიდებს პირად შეხვედრას ადვოკატთან, წარადგენს ყალბ დოკუმენტს ან კონტრაქტს, აშკარა ეკონომიკური მიზეზის გარეშე კლიენტი ხშირად დებს ერთი ტიპის გარიგებებს, დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციასთან (იურისდიქციების სიას ადგენს ეროვნული ბანკი), წარმოადგენს ისეთ ბიზნესს, რომელიც არ გამოიმუშავებს ნაღდ ფულს, თუმცა ნაღდი ფული ფიგურირებს მის საქმიანობაში, ასაკი გარიგებასთან შეუსაბამოა, პოლიტიკურად აქტიური პირია, იურიდიული პირია, რომელიც დიდხნიანი უმოქმედობის შემდგომ „გაცოცხლდა“.
რისკები ასევე, შეიძლება მიემართებოდეს გეოგრაფიულ რისკს, მაგალითად, კლიენტი ისეთ ქვეყნის წარმომადგენელია რომელიც მნიშვნელოვანი AML/CFT ნაკლოვანებებით ხასიათდება; ისეთ იურისდიქციასთან ავლენს კავშირს, რომელიც ცნობილია ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების მიმართულებით, კორუფციული ან სხვა კრიმინალური აქტივობების მქონე იურისდიქციასთანაა კავშირში. 

მომსახურებასთან დაკავშირებული საყურადღებო ნიშნის მაგალითია თუკი კლიენტი მზადაა არარაციონალურად დიდი თანხა გადაიხადოს სერვისისთვის, რაზეც კანონმორჩილი კლიენტი არ დათანხმდებოდა. აქტივებთან დაკავშირებული საყურადღებო ნიშნის მაგალითია  თუკი აქტივებთან დაკავშირებით შემოსავლის წყარო დაუსაბუთებელია, თანხების გადარიცხვა ხდება ისეთ იურისდიქციაში, რომელთანაც კლიენტს წესით კავშირი არ აქვს.

უძრავ ქონებაში უკანონო შემოსავლის „დაბანდება“ ყოველთვის მიმზიდველია კრიმინალებისათვის. უძრავი ქონება მნიშვნელოვანი აქტივია და მისი შეძენით და შემდგომ გაყიდვით უკანონო შემოსავალს ლეგიტიმური სახე ეძლევა - შემოსავალი მიღებულია უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში ადვოკატის სავალდებულო ჩართულობა არ მოითხოვება, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის, დაუსაბუთებელი ქონების არსებობა, კლიენტის ასაკი, ქონების ხშირი ყიდვა/გაყიდვის სიხშირის ეკონომიკურ რაციონალთან დაკავშირების შეუძლებლობა, მაშინ როდესაც ტრანზაქციებს საგადასახადო ვალდებულებებიც ახლავს, ყალბი დოკუმენტების წარდგენა, შუამავლის საშუალებით გარიგების ბენეფიციარის დამალვის მცდელობა, შესაძლოა სწორედ საეჭვო გარიგების საყურადღებო ნიშნებს წარმოადგენდნენ.

ანგარიშის მართვა კრიმინალების მიერ შესაძლოა გამოყენებული იქნეს ფულის გათეთრების მიზნებისათვის, მაგალითად, იმისათვის რომ დანაშაულებრივი გზით მიღებული აქტივები ნაკლებად საეჭვო აქტივებში გადაცვალოს, დაიმალოს აქტივების უკანონო წარმომავლობა,  გამოიყენოს ანგარიში სხვა ფულის გათეთრების სქემებისათვის, მაგალითად უძრავი ქონების შესაძენად. ამისათვის შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იურიდიული სერვისების მიღების გარეშე სახსრების გადარიცხვის შესრულება ადვოკატის ჩართულობით.

ხშირად კრიმინალებმა შესაძლოა ადვოკატი იმ იურიდიული პირის  მართვისათვის გამოიყენონ, რომელსაც ფულის გათეთრების მიზნებისათვის იყენებენ.

ხშირად იურიდიული პირი, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ტრასტი გამოიყენება იმისათვის, რომ გარიგებაში დაიმალოს საბოლოო ბენეფიციარი. კომპანია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გამტარი კომპანია (shell company), რომელსაც არ აქვს ბიზნეს აქტივობა ან არ ფლობს აქტივებს და ძირითადად რაღაც სქემის შემადგენელი ნაწილია. 

უნდა აღინიშნოს, რომ AML/CFT ვალდებულებებით უკანონო სქემაში გაუცნობიერებლად საადვოკატო საქმიანობის განხორციელება სრულად ვერასდროს გამოირიცხება. ადვოკატის კეთილსინდისიერ ჩართულობას ვერასდროს ავუვლით გვერდს, რადგანაც ხშირად საეჭვო ნიშნები საერთოდ არ იარსებებს.

რა იგულისხმება AML/CFT ვალდებულებებში
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ადვოკატის ვალდებულებების აღსრულება, შეუძლებელია კლიენტზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვების გარეშე. ლოგიკურია, რომ ზემოაღნიშნული საყურადღებო ნიშნების გამოვლენაც მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ იქნება შესაძლებელი. ამ მიზნით, გასატარებელი ღონისძიებებით, ადვოკატმა უნდა გაიცნოს მისი კლიენტი. სწორედ აქიდან მოდის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში ყველაზე ცნობილი ფრაზა - იცნობდე შენს კლიენტს.

ადვოკატი/საადვოკატო ბიურო ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე/ერთჯერადი გარიგების დადებამდე გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რაც გულისხმობს:

  • კლიენტის იდენტიფიკაციას და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მის ვერიფიკაციას (კლიენტზე საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებას და მონაცემების შესაბამისი დოკუმენტით (მაგ. პასპორტი) გადამოწმებას); 
  • ბენეფიციარი მესაკუთრის (ფიზიკური პირი, რომელიც არის კლიენტის საბოლოო მფლობელი ან საბოლოო მაკონტროლებელი ან/და რომლის სახელითაც მზადდება, იდება ან სრულდება გარიგება) იდენტიფიკაციას და სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის გონივრული ზომების მიღებას; 
  • საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დადგენას (ინფორმაცია მოსალოდნელი გარიგებების ხასიათის, მოცულობისა და სიხშირის შესახებ); 
  • საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგს (ადვოკატის/საადვოკატო ბიუროს მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ კლიენტზე შექმნილი წარმოდგენის მუდმივი მონიტორინგი, ანუ რაიმე ხომ არ შეიცვალა, ისევ ვიცნობთ თუ არა კლიენტს).

ადვოკატს/საადვოკატო ბიუროს უნდა ჰქონდეს კლიენტის მიღების პროცედურა, რომელიც ზემოაღნიშნული პრევენციულ ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, ანუ ადვოკატი/საადვოკატო ბიურო უნდა იცნობდეს მის კლიენტს. იმ შემთხვევაში კი, თუკი პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლებელია, საქმიანი ურთიერთობა არ უნდა დამყარდეს.

გასატარებელ ღონისძიებებს შორისაა აგრეთვე იმის შესახებ ინფორმაციის ქონა, არის თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. პირი პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო ან პოლიტიკური ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირი (გარდა საშუალო და დაბალი რანგების თანამდებობის პირებისა), რომლის შემოწმების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკურად აქტიურ პირებს მათი სტატუსიდან გამომდინარე, შეიძლება მეტად მიუწვებოდეთ ხელი კორუფციულ დანაშაულებებთან, თაღლითობასთან. შესაბამისად, თუკი კლიენტი პოლიტიკურად აქტიური პირია, მასზე გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს, რომ სანქციადაკისრებული პირების სიაში (იგულისხმება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სია ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით) მოხვედრილი პიროვნებებმა ვერ მიიღონ მომსახურება. შესაბამისად, თუკი ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისათვის, პირი გაერომ შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში, ამ პირს მომსახურების გაწევაზე უარი უნდა ეთქვას.

ფულის გათეთრებისა ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება ეჭვის გაჩენის დღესვე უნდა წარედგინოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

განხორციელებული ღონისძებები უნდა დადოკუმენტირდეს და 5 წლის მანძილზე შენახულ იქნეს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

ადვოკატს ევალება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოთხოვნის შემთხვევაში, შეასრულოს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში შესაბამისი გარიგების შეჩერების შესახებ. 

ადვოკატს ევალება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია გარიგების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია რაც სამსახურს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია), მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

ინფორმაციის გამჟღავნება, საეჭვო გარიგების თაობაზე ან მისი წარდგენის შესახებ, აგრეთვე გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების გახმაურება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 2021 მუხლით.

AML/CFT სისტემის მთავარი პრინციპია, რომ გასატარებელი ღონისძიებების სიმძლავრე რისკზე დაფუძნებული მიდგომით განისაზღვროს, რაც გულისხმობს შესაბამისობის ღონისძიებების ტიპის და ინტენსივობის მორგებას არსებულ რისკებთან. იმ კლიენტთან მიმართებით, სადაც მაღალი რისკებია, გასატარებელი ღონისძიებებიც უფრო მკაცრია და გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარება მოითხოვება, ნაკლები რისკების არსებობისას კი გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, მაგალითად შემცირდეს ინფორმაციის განახლების სიხშირე ან კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ.

რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, ადვოკატის მიერ კლიენტის გაცნობა, მისი საქმიანობის/კომერციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, საყურადღებო ნიშნებზე კონცენტრირება და ამ ყველაფრის დოკუმენტირება, ხოლო საეჭვო გარიგების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება არის ვალდებულებების ის მოკლე შინაარსი, რაც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ევალება ადვოკატს/საადვოკატო ბიუროს. ამგვარად, პროფესიის წარმომადგენლები საკუთარ როლს თამაშობენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციულ სისტემაში, რამეთუ ზემოაღნიშნული ქმედებები უკანონო შემოსავლის კანონიერ სისტემებში შეღწევას უშლის ხელს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი