ხშირად დასმული კითხვები

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი ასოციაციაში გასაწევრიანებლად?

ადვოკატთა ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:

►აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

►ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

►გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.

რა საბუთებია საჭირო ასოციაციაში გაწევრიანებისთვის?

ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირმა ასოციაციას სავალდებულოდ უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები, ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით წარმოდგენით ან დისტანციურად (გაწევრიანების ფორმა).

►პირადობის მოწმობის ასლი;
►დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ (ასლი);
►ადვოკატთა ან მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატის ასლი);
►პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
►ბიოგრაფია (CV);
►1 ფოტოსურათი 3/4-ზე, CD დისკზე (განაცხადის დისტანციურად გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ფოტოსურათი JPG ფორმატით, ატვირთოთ შესაბამის ველში);
►ცნობა ნასამართლობის შესახებ;
►საწევრო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რა ვადით არის ძალაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი)?

საქართველოს კანონის ადვოკატთა შესახებ,მე-11 მუხლის, მე-11 პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს) აქვს მოქმედების 10 წლიანი ვადა.

რას მოიცავს ადაპტაციის 1 წლიანი პროგრამა?

ადაპტაციის პროგრამა არის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და მოიცავს 3 თვიან თეორიულ ნაწილსა და 9 თვიან სტაჟირებას.

თეორიული კურსი გულისხმობს ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებას, ხოლო სტაჟირების ნაწილი - პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას სტაჟირების ხელმძღვანელი (მენტორი) ადვოკატის ხელშეწყობით.

 

აქვს თუ არა უფლება ნასამართლობის მქონე პირს გაწევრიანდეს ასოციაციაში?

"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რამდენ ხანში და ვის მიერ მიიღება გადაწყვეტილება გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის თაობაზე?

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია გაწევრიანების თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.

რა არის საჭირო საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის შესაცვლელად?

საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, ასოციაციაში განაცხადისა და მოწმობის საფასურის (რომლის ოდენობაც აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეადგენს 15 ლარს) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ახალი საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა.

ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ რამდენ ხანში გაიცემა საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა?

გაწევრიანების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.  

რა ვადით არის ძალაში საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი ძველი მოწმობა?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბერის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი ახალი მოწმობა, რომელიც ძალში შევიდა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. ამავდროულად, საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი ძველი მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრა 2020 წლის პირველ იანვრამდე.

რა ოდენობით და განრიგით იხდის საწევრო გადასახადს ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი?

ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი იხდის გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადს ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებზე შემდეგი განრიგით:

►1-ელ მაისამდე გაწევრიანებული პირი იხდის 150 (ას ორმოცდაათ) ლარს;
►1-ლი მაისიდან - 1-ელ სექტემბრამდე გაწევრიანებული პირი იხდის 100 (ას) ლარს;
►1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე გაწევრიანებული პირი იხდის 50 (ორმოცდაათ) ლარს.

როგორ ხდება საწევრო გადასახადის გადახდა?

საწევრო შენატანი გადაიხდება ფულადი სახით და ოდენობა შეადგენს 200 ლარს. პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ყოველი მომდევნო წლის საწევრო შენატანის გადახდა ხდება ყოველწლიურად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებზე.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისათვის, რომ საწევრო შეღავათით ისარგებლოს?

ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია ასოციაციის იმ წევრების შერჩევის კრიტერიუმები, რომლებზეც ვრცელდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი საშეღავათო საწევროს გადახდის ვალდებულება: 

50%-იანი შეღავათი ვრცელდება ასოციაციის წევრებზე რომლებიც არიან:

►მრავალშვილიანი მშობლები. აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ: მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები; შვილების დაბადების მოწმობის ასლები.

►შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (პირველი და მეორე ჯგუფი). აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

►ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას საქართველოს რეგიონებში. აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რეგიონის საგადასახადო სამსახურიდან გაცემული ცნობა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შესახებ.

►საპენსიო ასაკის მქონე პირები. აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

75%-იანი შეღავათი ვრცელდება ასოციაციის წევრებზე რომლებიც არიან:

►საპენსიო ასაკის მქონე წევრები, რომლებიც ამავდროულად საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს რეგიონებში. აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა და რეგიონის საგადასახადო სამსახურიდან გაცემული ცნობა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შესახებ.

საშეღავათო საწევროზე განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით ან დისტანციურად (მიმართვა საშეღავათო საწევროზე).

როგორ შევიჩერო ასოციაციის წევრი ადვოკატის სტატუსი?

ადვოკატს, ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21​მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით:

►პირადი განცხადების საფუძველზე;

►"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

►"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობის განხორციელება.

როგორ აღვიდგინო ასოციაციის წევრი ადვოკატის შეჩერებული სტატუსი?

ადვოკატს წევრობა აღუდგება ასოციაციაში წევრის სტატუსის აღდგენის თაობაზე განცხადების წარდგენიდან ან/და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.

რა შემთხვევაში შემიწყდება ასოციაციის წევრი ადვოკატის სტატუსი?

"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 213-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუწყდება:

►პირადი განცხადების საფუძველზე;

►ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

►თუ იგი სასამართლომ ცნო შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებ პირად, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

►თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის;

►თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც გამოიწვევდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე მისთვის უარის თქმას;

►თუ არ იხდის საწევრო გადასახადს;

►გარდაცვალების შემთხვევაში.

რა საბუთებია საჭირო ასოციაციაში ხელახლა გაწევრიანებისთვის?

"ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 213-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასოციაციაში ხელახლა გაწევრიანებისთვის პირმა ასოციაციას სავალდებულოდ უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

►პირადობის მოწმობის ასლი;
►დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ (ასლი);
►ადვოკატთა ან მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატის ასლი);
►ბიოგრაფია (CV);
►1 ფოტოსურათი 3/4-ზე, CD დისკზე;
►ცნობა ნასამართლობის შესახებ;
►საწევრო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რა ფორმით და რა ვადაში გაიცემა საჯარო ინფორმაცია?

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, გაიცემა დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

►სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

►მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

►სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი