ავტორი: ეკა მამალაძე
იურისტი, მკვლევარი,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფროსი ანალიტიკოსი
შესავალი
მოცემულ სტატიაში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. საკანონმდებლო და ინსტიტუციური თვალსაზრისით ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ისევ ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ ძალადობის პრევენციას, სათანადო რეაგირებასა და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული სამი საკვანძო გადაწყვეტილების ანალიზს, რომელთაგან თითოეული ასახავს სახელმწიფოს სისტემურ ხარვეზებს გენდერული ძალადობის აღკვეთის კუთხით. საქმეების განხილვა ნათლად აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკა საჭიროებს არა მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივ მექანიზმებს, არამედ სახელმწიფოს პრაქტიკულ და გენდერულად მგრძნობიარე მოქმედებას თითოეულ ეტაპზე.
თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ
პირველი გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 2021 წლის 8 ივლისს მიიღო. საქმე ეხებოდა ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის ლექტორის მკვლელობას ყოფილი მეუღლის მხრიდან. 2014 წლის 17 ოქტომბერს დამნაშავედ ქალი სამსახურში მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ მოვლენებს წინ უძღოდა სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2013 წლის აგვისტოში მოკლული ქალი, არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა პარტნიორის სახლში, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ერთად ცხოვრების შემდეგ ძალადობის ფაქტებმა მოიმატა. 2014 წლის 29 აპრილიდან მოკლულმა ქალმა, დედამ და მოძალადის მშობლებმა არაერთი ზარი განახორციელეს სამართალდამცავ უწყებაში და ძალადობის ფაქტების შესახებ განაცხადეს. თუმცა, პოლიციას დაცვის ქმედითი მექანიზმები არ გამოუყენებია და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. გამოძიება არც ერთ ფაქტზე არ დაწყებულა.
მოკლული ქალი საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა, რის შემდეგაც მოძალადემ მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო, რომელშიც მოკვლით ემუქრებოდა მას და მის მცირეწლოვან ქალიშვილს. 2014 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში მომჩივანი თბილისის პოლიციის განყოფილებაში სამჯერ მივიდა, რათა პოლიციისთვის მიეწოდებინა ცნობები იმის თაობაზე, რომ ლ.მ. მას უთვალთვალებდა, და ემუქრებოდა, რაც ასევე მოიცავდა სამსახურში ხელყუმბარით გამოცხადებას და მისი აფეთქების მუქარას. 2014 წლის 16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ლ.მ. კინაღამ დაეჯახა მ.თ-ს მანქანას, როდესაც მას ქალიშვილი სკოლაში მიყავდა, მომჩივანმა ისევ მიმართა პოლიციას და ითხოვა სახელმწიფოს მფარველობა. მიუხედავად ამისა, შემაკავებელი ორდერი ან სხვა დამცავი ღონისძიებები არ ყოფილა გამოყენებული.
2014 წლის 17 ოქტომბერს, მოძალადემ ქალი ლექციის მიმდინარეობისას უნივერსიტეტის დერეფანში იარაღის გასროლით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.გამოძიება დაიწყო მკვლელობისა და იარაღის უკანონო გამოყენების ფაქტზე, ოჯახური ძალადობის მოტივი საქმეს რამდენიმე დღეში დაემატა. 2014 წლის 31 დეკემბერს გამოძიება შეწყდა, ვინაიდან პასუხისმგებელი პირი გარდაცვლილი იყო. მოკლული ქალის დედა ითხოვდა გამოძიების დაწყებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთა უმოქმედობამაც მისი შვილის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა.
მოკლული ქალის დედა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ ამ საქმეში სახელმწიფომ ,,ორმაგი მარცხი’’ (§47) განიცადა, რადგან ვერ შეასრულა აპლიკანტის შვილის სიცოცხლის დაცვის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ვალდებულება, ვინაიდან არ გადადგა სათანადო ღონისძიებები ქალის სიცოცხლის დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო ძალადობის განმეორებადი და სისტემური ხასიათის თაობაზე, და ასევე ეფექტიანად არ გამოიძია ის გარემოებები, რამაც ხელი შეუწყო ქალის სიკვდილს - ეს ყოველივე კი გამოწვეული იყო მათი მხრიდან ქალის მიმართ დისკრიმინაციის ფენომენის არასაკმარისი აღიარებით.
,,57. საერთო ჯამში სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენა განმეორებადი მარცხი, გადაედგათ ნაბიჯები, რომელსაც ჰქონდა ტრაგიკული შედეგის შეცვლის ან შემსუბუქების რეალური პერსპექტივა. მათთვის პირდაპირ ხელმისაწვდომი სხვადასხვა დამცავი ღონისძიებების აშკარა უგულებელყოფით, ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გამოავლინეს განსაკუთრებული გულმოდგინება მომჩივნის ქალიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის აღსაკვეთად, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა. ‘’
ოჯახში ძალადობის მოცემულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უმოქმედობა შეაფასა როგორც დისკრიმინაციული მოტივით სიცოცხლის უფლების დარღვევა და მიიჩნია, რომ უწყების ქმედება - არ გადაედგა ეფექტიანი ნაბიჯები ქალის სიცოცხლის დასაცავად და გამკლავებოდა სისტემურ ძალადობას, უტოლდება ძალადობის განმეორებით პატიებას და ასახავს ქალის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.
A და B საქართველოს წინააღმდეგ
წინამდებარე საქმე ეხებოდა ყოფილი პარტნიორის, პოლიციის თანამშრომლის, მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობას. სტრასბურგის სასამართლოს ეს დავაც კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების საფუძველზე განიხილა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, C და D 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივნისამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. D პოლიციის თანამშრომელი იყო; ხშირად ეჭვიანობდა და ფიზიკურად/ფსიქოლოგიურად ძალადობდა C-ზე; D ასევე ხშირად ემუქრებოდა ქალს ოჯახის წევრების მოკვლით; ძმისა და მამისთვის დანაშაულის დაბრალებით და სხვ. ოჯახმა არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ უწყებას, თუმცა რეაგირება არ განხორციელებულა.
2013 წლის 31 აგვისტოს, ოჯახური კონფლიქტის დროს, D-მ ცემა ყოფილი მეუღლე – C. ძალადობა უკავშირდებოდა ბავშვთან და ალიმენტთან დაკავშირებულ საკითხებს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პოლიციელებმა C გამოკითხეს D-ს თანდასწრებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო სავარაუდო მოძალადე. D იყო ამავე პოლიციის უწყების თანამშრომელი და როგორც მოწმეები მიუთითებდნენ, მას კოლეგებთან მეგობრული და სასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდა.
C-მ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ იგი სისტემური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ერთ-ერთმა ოფიცერმა უპასუხა, რომ "ცოლის ცემა" დიდ პრობლემად არ მიაჩნდა. D აქტიურად ერეოდა გამოკითხვის პროცესში – იგი უყვიროდა C-ს, მაგრამ პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს მის შესაჩერებლად. საბოლოოდ, D-მ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ერთ მანქანაში ჩასხდომით დატოვა შემთხვევის ადგილი. მიუხედავად ძალადობის ფაქტებისა, D სამსახურში დააწინაურეს.
C-მ 2013 წელს პროკურატურას მიმართა – ის ითხოვდა შესაბამისი რეაგირების განხორციელებას D-სა და პოლიციის თანამშრომლების ქმედებებზე. თუმცა, პროკურატურამ გამოძიების დაწყება საჭიროდ არ მიიჩნია.
ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2014 წლის ივლისში, C-მ საჩივრით მიმართა გენერალურ ინსპექციას. იგი 2014 წლის 24 ივლისს გამოკითხეს ინსპექციაში. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ქუჩაში გამოსულ C-ს D აედევნა. მან ამოიღო სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთჯერ ესროლა მას. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში, D გამოკითხვისას ამბობდა, რომ C-მ იგი შეურაცხყო, ასევე ეუბნებოდა, რომ მისი სქესობრივი ცხოვრება D-ს საქმე არ იყო და სწორედ ამიტომ მოკლა იგი. სასამართლომ D ოჯახის წევრის მკვლელობისთვის გაასამართლა და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; თუმცა, გენდერული მოტივი სასამართლოს არ გამოუკვეთავს. გამოძიება ასევე დაიწყო პოლიციელების მიმართ, მაგრამ აპლიკანტს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღია.
სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. სასამართლომ განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავების ზოგად და დისკრიმინაციულ პასიურობას, შექმნას კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის ფაქტების გავრცელებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მსხვერპლები ქალები არიან. ამასთან, მიუხედავად ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა მექანიზმისა, სახელმწიფოს არ გაუტარებია სათანადო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა გენდერული ძალადობა, რომელსაც შეეწირა მოკლული ქალი. უფრო მეტიც, ეს მარცხი გაძლიერდა სახელმწიფო ორგანოების პასიური – და ზოგ შემთხვევაში, მოძალადესთან შემწყნარებელი – დამოკიდებულებით.
გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ
მოცემული საქმე ეხება ქალის – ა.ლ-ს – გარდაცვალებას, რომელიც 2017 წელს ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ თვითმკვლელობა უკავშირდება გენდერული ძალადობის ხანგრძლივ გამოცდილებას, რასაც იგი წლების განმავლობაში განიცდიდა ყოფილი პარტნიორის, გ.კ-ს მხრიდან.
ა.ლ. და გ.კ. 2012-2016 წლებში ერთად ცხოვრობდნენ და ამ პერიოდში მათ საერთო შვილი შეეძინათ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტები, რაც უკავშირდებოდა გ.კ-ს ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას, აგრეთვე მის ძალადობრივ ქმედებებს. 2016 წლიდან წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, თუმცა ძალადობა არ შეწყვეტილა.
მსხვერპლმა ქალმა სამართალდამცავ ორგანოებს სულ მცირე 16-ჯერ მიმართა. სამ შემთხვევაში გაიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ოჯახში ძალადობის (სსკ 126¹) მუხლით დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება მალევე შეწყდა, იმ მოტივით, რომ ,,დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა". საბოლოოდ, გ.კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ოჯახში ძალადობისთვის, თუმცა მას მიესაჯა მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დროის ტოლფასი სასჯელი, რაც ჩაეთვალა მოხდილად და იგი გათავისუფლდა.
ქალის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით გ.კ.-მ საგამოძიებო ორგანოსთან განაცხადა, რომ ა.ლ. მასთან სახლში მივიდა საღამოს 10 საათზე, მათ შორის მოხდა კამათი, რა დროსაც მან სახეში გაარტყა. მისი თქმით, ღამით როცა გაეღვიძა, ქალი ჩამომხრჩვალი იპოვა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა.ლ. ასფიქსიით გარდაიცვალა, თუმცა სახესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც აჩენდა ეჭვს თვითმკვლელობის ვერსიის უპირობიდ მიღების თაობაზე.
მოკლული ქალის დედამ, ქ-ნმა გაიდუკევიჩმა, მოითხოვა საქმის გადაკვალიფიცირება – ოჯახში ძალადობიდან გენდერული ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობამდე– ასევე, გამოძიების დაწყება იმ სამართალდამცავთა მიმართ, რომლებმაც ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვეს და ძალადობის სისტემური ხასიათი სათანადოდ ვერ შეაფასეს. მიუხედავად ამისა, ბრალი არცერთ პირს არ წარედგინა, და არც თავად დედა ყოფილა დაზარალებულად ცნობილი. საქმის მასალების თანახმად, გამოძიება დღემდე გრძელდება.
ევროპულმა სასამართლომ მწვავედ გააკრიტიკა სახელმწიფოს მოქმედება. სასამართლომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ნაჩქარევად მიიჩნია საქმე თვითმკვლელობად და თავიდანვე გამორიცხა სხვა ვერსიები. გამოძიება ასევე უგულვებელყოფდა იმ კონტექსტს, რომ ქალი წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი, რომლის თაობაზეც სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო, მათ წინაშე წარდგენილი არაერთი საჩივრის შედეგად.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არასაკმარისი იყო და ვერ უზრუნველყოფდა ქალის სიცოცხლის დაცვას. სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ინციდენტს ან სიკვდილს შესაძლოა ჰქონდეს გენდერული მოტივი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება განსაკუთრებული ყურადღებით წარიმართოს.
ევროპული სასამართლოს აზრით, ხელისუფლებამ, რომელიც არ მოქმედებდა სწრაფად და გულმოდგინედ, ხელი შეუწყო დაუსჯელობას, რომელმაც წაახალისა გ.კ-ს მიერ ა.ლ-ს წინააღმედგ ძალადობრივი ქმედებების განმეორება. ამ კონტექსტში, სასამართლომ ასევე მიუთითა პროკურატურის წარუმატებლობაზე, რომ ჩაეტარებინათ ადეკვატური გამოძიება ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე 2015 წლის ნოემბერში.
სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, ხელისუფლებას რომ ყველა შემთხვევაზე კუმულაციურად შეეფასებინა სათანადო რისკები, სავარაუდოდ გამოიტანდა დასკვნას, რომ გ.კ. ა.ლ-სთვის წარმოადგენდა რეალურ და უშუალო რისკს, რადგან ეს ცნებები გაგებული უნდა იქნეს ოჯახში ძალადობის კონტექსტში.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში კრიტიკა მიემართებოდა სასამართლო სისტემას და მათ მიერ ოჯახში ძალადობის კონტექსტის უგულვებელყოფას.
,,სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა იშვიათად არის ერთჯერადი ინციდენტი; ის ჩვეულებრივ მოიცავს ოჯახის ახლო წევრის ან პარტნიორის კუმულატიურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას, რომელიც სცდება ცალკეული შემთხვევის გარემოებებს (იხ. Volodina v. Russia, no. 41261/17, § 71, 9 July 2019). ძალადობის თანმიმდევრული ეპიზოდების განმეორება პირად ურთიერთობებში ან „დახურულ კარს მიღმა“ წარმოადგენს ოჯახში ძალადობის კონკრეტულ კონტექსტს და დინამიკას (იქვე, § 86, და იხ. Kurt, ციტირებული ზემოთ, § 164). ამრიგად, სასამართლომ უკვე აღიარა, რომ ოჯახში ძალადობა შეიძლება გაგებული იყოს, როგორც უწყეტი დანაშაულის კონკრეტული ფორმა (იხ. Rohlena v. the Czech Republic [GC], no. 59552/08, § 72, ECHR 2015, და Valiulienė v. Lithuania, no. 33234/07, § 68, 26 March 2013) რომელიც ხასიათდება ქმედების განგრძობადობით, რომელშიც თითოეული ცალკეული შემთხვევა ქმნის უფრო ფართო ერთობლიობას. სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს მიდგომა ზემოხსენებულ პრეცედენტულ სამართალს.’’
* * *
სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილული სამივე საქმე ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოკლული ქალების სიცოცხლის ეფექტიანი დაცვა. სამივე საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების უმოქმედობა ეფუძნებოდა სისტემურ გენდერულ დისკრიმინაციას. ამასთან, ძალადობის განმეორებითი ფაქტები, არაეფექტური გამოძიება, გენდერული მოტივის იგნორირება და მოძალადეთა დაუსჯელობა ქმნიდა დაუსჯელობის კლიმატს, რომელიც ხელს უწყობდა ძალადობის გაგრძელებას.
სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ადასტურებს, რომ საქართველოში აუცილებელია ისეთი ინსტიტუციური და ქმედითი ღონისძიებების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფს გენდერულად მგრძნობიარე სამართალდამცავ სისტემასა და მსხვერპლთა ეფექტიან დაცვას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აღიაროს გენდერული ძალადობის სისტემური ბუნება და გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს.
აღნიშნული საქმეების აღსრულებას ზედამხედველობას უწევს მინისტრთა კომიტეტი. განხილული საქმეები, ვინაიდან სტრუქტურულ პრობლემას აღწერს, განიხილება ერთობლივად ,,თხელიძის ჯგუფის’’ საქმეების ფარგლებში, რადგან წამყვანი საქმე ამ კონტექსტში თხელიძის საქმე იყო. მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, პრობლემის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლის აუცილებლობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის განხორციელებისთვის, ქვეყანაში გატარდეს ზოგადი ღონისძიებები. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს შემდეგ ღონისძიებებს:
- რისკების შეფასების მექანიზმისა და ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენება;
- მსხვერპლთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ, ასევე სახელმწიფო სერვისებზე მათი ხელმისაწვდომობის გამარტივება;
- სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონვენციის მოთხოვნებთან, მათ შორის გენდერული მოტივის სათანადოდ განხილვისა და უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრების გზით.
- სამართალდამცავთა და მოსამართლეთა ცნობიერება, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა, გენდერული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოება.
მინისტრთა კომიტეტის მიერ განსაზღვრული ღონისძიებები წარმოადგენს გზას სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ. მათი სრული და ეფექტიანი შესრულება კრიტიკულად აუცილებელია, რათა ქალებმა საქართველოში თავი იგრძნონ დაცულად, ხოლო სახელმწიფომ შეასრულოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.