შრომითი მიგრაცია - კანონმდებლობა და გამოწვევები 

19 ივლისი 2024

    
ავტორები: 
რაისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

თამარ სურმავა - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის თანათავმჯდომარე

 

                                             შესავალი 

მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და შრომითი მიგრანტების  უფლებების დაცვა  დღეისათვის საქართვლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. 

NDI-ს დეკემბრის მდგომარეობით კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მეხუთედი ამბობს, რომ შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უახლოეს ერთ წელიწადში განიხილავს ქვეყნის დატოვებას. ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ინფლაციის მაღალი დონით და შემოსავლების უთანასწორო გადანაწილებით. მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, ფასების მაღალი ზრდა და შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება იწვევს მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირებას. უმუშევრობა და სიღარიბის მაღალი დონე არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც მოსახლეობას უბიძგებს შემოსავლის წყარო უცხო ქვეყნებში ეძებოს.

უარყოფითი მიგრაციული სალდო საქართველოსთვის პრობლემა, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გახდა. ერთადერთი გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო ადამიანები ბრუნდებოდნენ და დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული  სალდო (სხვაობა ემიგრაციასა და იმიგრაციას შორის) 4,2 ადამიანი 1000 კაცზე. 

მიგრაციულმა სალდომ 2022 წელს დადებითი 54509 შედგინა. 2022 წელი რეკორდული იყო როგორც მოსახლეობის გადინებით, ისე შემოდინებით. ჯამში ქვეყანა დატოვა 125 269 ადამიანმა, ხოლო შემოვიდა 179 778. თუმცა დადებითი შედეგი გამოწვეულია უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შემოდინებით. საქართველოს მოქალაქეებიდან 100 802-მა დატოვა ქვეყანა.  საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ქვეყანაში 2022 წელს შემცირდა 46 397-ით. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი საქართველოში, მიგრაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შემცირებულია 244 966-ით.


 
ემიგრანტებს შორის ყველაზე დიდი წილი 39,3%, მოდის 25-40 წლის ასაკობრივ კატეგორიაზე. შესაბამისად ქვეყანას ტოვებს ყველაზე ახალგაზრდა მუშახელი. ემიგრანტების 80,5% 2022 წელს საქართველოს მოქალაქე იყო. პროცენტულად ემიგრანტები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

 


 
პრაქტიკა მოწმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ სრულყოფილი დაცვა არც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის შემთხვევაში, სადაც ძირითადად არაფორმალურ სამუშაოზე უწევთ მუშაობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოს, როგორც დანიშნულების ქვეყნის როლი. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწა, შრომითი ემიგრანტების უფლებების დაცვის ქმედითი მექანიზმების დანერგვა და რეგულაციების დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება. 

შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი კონვენციები, მათ შორის,№88-ე კონვენცია „დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“,  №181-ე კონვენცია „დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“ და #111„შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“, რომლებიც ძირითადად, ლეგალური მიგრაციის მართვისა და მშრომელთა უფლებების დაცვისკენაა მიმართული.

საქართველოს, ასევე, რატიფიცირებული აქვს გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), რომლის ზოგადი რეკომენდაცია №26 ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ვალდებულებას, პატივი სცენ და დაიცვან შრომითი მიგრანტი ქალების – როგორც ძალადობისა და დისკრიმინაციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფების – უფლებები და მოუწოდებს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ“ გაეროს (1990) კონვენციის რატიფიცირებისაკენ. 

კონვენცია  მოიცავს მიგრაციის სრულ ციკლს, მათ შორის, დაბრუნებასა და რეინტეგრაციას, და მოუწოდებს სახელმწიფოებს ითანამშრომლონ არარეგულარული შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების ღირსეული დაბრუნებისთვის მათ მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში. 

საქართველოში, ევროკავშირეთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად დაიწყო მუშაობა კანონზე ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“. მანამდე 2006 წელს გატარებული ნეოლიბერალური რეფორმის საფუძველზე მთელი რიგი შრომითი კანონმდებლობის და შრომის ბაზრის ინსტიტუტების  გაუქმების შედეგად სრული საკანონმდებლო ვაკუუმი გვქონდა.

2015 წლიდან ამოქმედდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.თუმცა, ის ფაქტობრივად არ შეიცავდა შრომითი მიგრანტების დაცვის არანაირ რეალურ მექანიზმს და შესაბამისად 2022 წელს კვლავ დადგა დღის წესრიგში მასში ცვლილებების შეტანის საკითხი. თუმცა, კანონში დღემდე არაფერია აღნიშნული შრომითი ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპეციფიკური მიდგომებით მისი შრომით ძალაში ჩართვის/დაბრუნების გეგმებსა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. 

მიგრაციის მართვის კონკრეტული ინსტრუმენტები და პრიორიტეტები განსაზღვრულია მიგრაციის სტრატეგიებში. უახლესი, 2021-2030 წლების, სტრატეგია  განსაზღვრავს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეთა მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობას. სტრატეგიის მიხედვით, დაბრუნების ტენდენციის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების გაუმჯობესება, როგორც ბიუჯეტის გაზრდის, ასევე კომპონენტების დამატების კუთხით. აუცილებელია გენდერული პერსპექტივების ინტეგრირება (მეინსტრიმინგი) მიგრაციის სამოქმედო გეგმაში,  ერთი მხრივ, შრომითი მიგრანტი ქალების უფლებების დასაცავად, დისკრიმინაციასთან, ექსპლუატაციასა და ძალადობასთან საბრძოლველად, მეორე მხრივ კი, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის ხელშესაწყობად. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებულია მიგრანტების რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება. მსგავსი პროგრამები საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება. მიმდინარე ეტაპზე პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ხოლო სახელმწიფო პროგრამის მიზანია ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა, პროფესიული განათლება, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.   

ეროვნული საკანონმდებლო ბაზა

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ,“ თუმცა მითითებული დოკუმენტი ვერ პასუხობდა რეალურ გამოწვევებს, არ არსებობდა მექნიზმი, რომლითაც მოხდებოდა კანონითვე განსაზღვრული მწირი რეგულაციების კონტროლი და აღსრულება.

2023 წელს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები. აღნიშნულის ცვლილებების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლდათ ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შერულება. 

ახალი რეგულაციები შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის აღსანიშნავია:

1. საშუამავლო კომპანიების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია
საშუამავლო კომპანია არის იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან. საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი არიან განახორციელონ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. კანონი კრძალავს საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განხორციელებას  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში - 3500 ლარს, ქმედების მესამედ ჩადენის შემთხვევაში - 4000 ლარს, ხოლო ქმედების მეოთხედ ან ყოველი მომდევნო ჩადენა - 12000 ლარს.  

2. საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირება 
საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირების მიზანია დადგინდეს საშუამავლო კომპანიის შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებსა და კრიტერიუმებთან. კანონი საშუამავლო კომპანიებს აკისრებს ვალდებულებას გაიარონ სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სერტიფიცირება უფასოა. აკრძალულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განხორციელება სერტიფიცირების გარეშე. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში - 3500 ლარს, ქმედების მესამედ ჩადენის შემთხვევაში - 4000 ლარს, ხოლო ქმედების მეოთხედ ან ყოველი მომდევნო ჩადენა - 12000 ლარს. სერტიფიცირების გაცემის წესი და პირობები განსაზღვრულია „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ 2023 წლის 8 აგვისტოს მთავრობის #292 დადგენილებით. იმისათვის, რომ საშუამავლო კომპანიამ მიიღოს სერტიფიკატი აუცულებელია აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს ორი მიმართულებით: მატერიალურ-ტექნიკურს და ადამიანურ რესურს. 

მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით საშუამავლო კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 
- უნდა ფლობდეს (საკუთრების ან სარგებლობის უფლებით), სულ მცირე, ერთ პირზე 10 მ2 კეთილმოწყობილ ფართს, ხოლო ყოველი დამატებითი დასაქმებულის შემთხვევაში, დამატებით 4 მ2-ს. 
- უნდა იყოს შესაფერისი გარემო: ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, გათბობის საშუალებები და მოწესრიგებული სველი წერტილები და სხვა. 
- უნდა ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება;
-  უნდა იყოს შექმნილი სათანადო გარემო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის;
- უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ინვენტარით განმახორციელებელ ერთ პირზე, სულ მცირე, 1 საოფისე მაგიდა, სკამი და კომპიუტერი, ასევე ქსეროქსი, პრინტერი, საკომუნიკაციო ტელეფონი (ქსელური ან მობილური), ვიდეომონიტორინგის განმახორციელებელი მოწყობილობა, რომელსაც ექნება ხედვა საშუამავლო კომპანიის შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე და სხვა. 
ადამიანური რესურსის კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება თუ საშუამავლო კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად განსაზღვრულია, სულ მცირე, ერთი პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების მსურველ პირს მიაწვდის ინფორმაციას საშუამავლო კომპანიის საქმიანობისა და მომსახურების თაობაზე.

საშუამავლო კომპანია არ უნდა იყოს მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ დაწყებული არ უნდა იყოს გადახდისუუნარობის საქმე. 
სერტიფიცირების ერთ-ერთი წინაპირობაა ვალდებულების შესრულების გარანტიის დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დაიფარება საშუამავლო კომპანიის ან მისი თანამშრომლის მხრიდან დასაქმების მაძიებელი ფიზიკური პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გარანტიის თანხა უნდა იყოს მინიმუმ 50 000,00 ლარი. 

3. საშუამავლო კომპანიის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება
სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიებისთვის კანონი განსაზღვრავს ვალდებულებას პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ანგარიში.

„სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“   საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს #291 დადგენილებით, სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანია ანგარიშს წარადგენს წელიწადში ორჯერ. პირველი ანგარიშის წარდგენა ხდება მიმდინარე კალენდარული წლის პირველ აგვისტომდე, ხოლო მეორე ანგარიშის წარდგენა ხდება მომდევნო კალენდარული წლის პირველ მარტამდე. 

ანგარიშის წარუდგენლობისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 1000,00 ლარის ოდენობით, გამეორების შემთხვევაში - 1500,00 ლარის, ხოლო, იგივე ქმედების მესამედ ჩადენის შემთხვევაში - 4500,00 ლარის ოდენობით. ამასთან, მესამედ ანგარიშის წარუდგენლობა იწვევს სერტიფიკატის გაუქმებას და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის აკრძალვას.

4. საშუამავლო კომპანიის ვალდებულებები ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებასთან დაკავშირებით
საშუამავლო კომპანიებს კანონი აკისრებს ვალდებულებას:
- უცხოელ დამსაქმებელთან დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება და ამასთან, მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის შესამოწმებლად;
- იმ პირთან, რომელსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას უწევს, დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება;
-  უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომით ემიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების დადება;

5.  შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება
შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც იდება უცხოელ დამსაქმებელსა და საშუამავლო კომპანიას შორის და რომელიც აწესრიგებს მათ შორის პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შრომითი მოწმობის შესახებ ხელშეკრულება გასათვალისწინებელ სავალდებულო რეკვიზიტებს, მათ შორის:
-  მხარეთა რეკვიზიტები;
-  უცხოელი დამსაქმებლის რეკვიზიტები;
-  იმ მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომელსაც საშუამავლო კომპანია უცხოელ დამსაქმებლს უწევს;  
-  უცხოელი დამსაქმებლის უფლება-მოვალეოები და პასუხისმგელობა;
-  მომსახურების ანაზღაურების წესი და ანგარიშსწორების ფორმა; 
-  ხელშეკრულების მოქმედების ვადა; 
-  ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; 
ხელშეკრულება უცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფომრით ქართულ ენაზე.

6. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება
შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება არის წერილობით დოკუმენტი, რომელიც იდება პირსა და საშუამავლო კომპანიას შორის და რომელიც აწესრიგებს პირისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს.
„მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს შრომითი მოწმობის შესახებ ხელშეკრულება გასათვალისწინებელ სავალდებულო რეკვიზიტებს, მათ შორის:
-  მხარეთა რეკვიზიტები;
-  დახმარების მომსახურებების ნუსხა და შინაარსი;
- შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის ან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება; 
-  უცხოელ დამსაქმებელთან შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება; 
- საშუამავლო კომპანიის პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე მცდარი ინფორმაციის მიწოდებისათვის; 
-  შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, მათი არსებობის შემთხვევაში; 
-  ხელშეკრულების მოქმედების ვადა; 
-  ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; 
კანონი კრძალავს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით პირისათვის რაიმე საფასურის (ჰონორარის) მოთხოვნა. ხელშეკრულება უცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფომრით ქართულ ენაზე.

7. შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები
შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის ხელშეკრულება ეფუძნება შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას. ამასთან, ხელშეკრულების ნორმები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობას. 
თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ არსებით პირობებს და მათ შორის შემდეგს:
-  მხარეთა რეკვიზიტები;
-  შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა;
-  შრომითი ემიგრანტის შრომის ანაზღაურების გაცემის ფორმა და ოდენობა;
-  შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა;
-  შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში;
ხელშეკრულება უცილებლად უნდა დაიდოს განსაზღვრული ვადით, წერილობითი ფომრით ქართულ ენაზე და ასევე შესაბამისი სახელმწიფოს ენაზე.


 8. საშუამავლო კომპანიის ვალდებულებები შრომითი ემიგრანტის ინფორმირებასთან დაკავშირებით: 
საშუამავლო კომპანიებს კანონი აკისრებს ვალდებულებას შრომით ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
- საქართველოში და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში - ანუ იმ სახელმწიფოში, სადაც შრომითი ემიგრანტი მიემგზარება, შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნები, აგრეთვე ამ სახელმწიფოებში შესვლისა და ყოფნის და აღნიშნული სახელმწიფოებიდან გასვლის წესები;
- შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ; 
-  საელჩოებისა და საკონსულო დაწესებულეების მისამართების და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია;

9. შრომითი იმიგრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე არეგულირებს შრომით იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შრომითი იმიგრანტი არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით. შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შრომის კოდექსით განსაზღვრულ არსებით პირობებს, მათ შორის:
-  მხარეთა რეკვიზიტებს;
-  შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადას;
-  სამუშაო ადგილს;
-  ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილის სრულ მისამართს;
-  იმიგრანტის ძირითად უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;
-  დამსაქმებლის ძირითად უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;
შრომითი ხელშეკრულება უნდა დაიდოს განსაზღვრული წესით, წერილობით ქართულ ენასა და შრომითი იმიგრანტის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს შრომითი იმიგრანტის რეგისტრაცია.

10. ზედამხედველობა კანონის აღსრულებაზე
საქართველოს შრომის კანონმდებლობაში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის სამსახურს მიენიჭა მანდატი სამუშაო ადგილებზე განახორციელოს  ზედამხეველობა და კონტროლი როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვაზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი სანქცია: მითითება, ჯარიმა ან საქმიანობის შეჩერება. 2023 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შრომის ინსპექციის სამსახურს დამატებით მიენიჭა მანდატი კონტროლი განახორციელოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარვევებზე. კანონი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგ დარღვევებზე: 
-   საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე განხორციელება;
- საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა;
-  შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა;
-  შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა;
-  საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევა;
-  პასუხისმგებლობა ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის;
მიუხედავად ზემოაღნიშნული არაერთი დადებითი ცვლილებისა, კანონმდებლობაში შრომით მიგრანტთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად კვლავ რჩება არაერთი ხარვეზი, როგორიცაა:

მითითებული კანონით ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ტერიტორიაზე და შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდება საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზე. აღნიშნული ვერ იქნება არსებითი შედეგის მომტანი იმ პირებისათვის, რომელებიც პრობლემებს აწყდებიან შრომითი მიგრაციის სახელმწიფოებში. ამიტომ უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველის მოქალაქეების გადინების მაჩვენებელი და შესაბამის უწყებებთან (იქნება ეს შრომის ინსპექცია თუ სამინისტროები) გაფორმდეს ორმხრივი შეთანხმებები მანადტის ფარგლებში შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებების თაობაზე.  

  • კანონი განსაზღვრავს შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის მხოლოდ საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებს, თუმცა  მწირია შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი პირობები. ხელშეკრულებაში სავალდებულოდ მისათითებელად არ არის განსაზღვრული ის არსებითი პირობები, რომელმაც უნდა იმოქმედოს შემდგომში შრომითი მოწყობის სახელმწიფოში. ეს კი ფაქტობრივად არსებულ პრობლემურ მდგომარეობას ვერ შეცვლის, ისეთ შემთხვევებში, როდესაც შრომითი ხელშეკრულება საქართველოში არ იდება.  შესაბამისად, დეტალურად უნდა გაიწეროს  შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში დასაქმების არსებითი პირობები. 
     
  • ცვილებების დადებითი მხარეა ის, რომ კანონი ითვალისწინებს საშუამავლო კომპანიების რეგისტრაციას და სერტიფიცირებას. თუმცა ნაკლოვანებაა ის, რომ სერტიფიკატის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებად არ არის გათვალისწინებული კომპანიის მხრიდან საქართველოში შრომის უფლებების დარღვევის დადასტურებული ფაქტების არსებობა. ამიტომ მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების დაცვა გაიწეროს სერტიფიცირების წინაპირობად. 
     
  • მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, სერტიფიცირების წესი და სერტიფიცირების კომისიის დაკომპლექტების პროცედურები. თუმცა მითითებულ კომისიაში წარმოდგენილი არ არიან სოციალური პარტნიორები, რაც მის ეფექტურობას შეამცირებს.
     
  • საშუამავლო კომპანია სერტიფიცირების მიზნით ვალდებულია წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების გარანტია, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 50000,00 ლარი. მითითებული თანხა არის შეუსაბამოდ მცირე იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შეიძლება მიგრანტებს დაუდგეთ საშუამავლო კომპანიის ბრალეულობით. 
     
  • დადებითია საშუამავლო კომპანიებისათვის შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების დაკისრება, თუმცა არსებითი ხარვეზია ის, რომ ანგარიშში სავალდებულოდ მისათითებელად ფორმაში განსაზღვრული არაა შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომით ემიგრანტთა უფლებების დარღვევის ფაქტების აღწერა და ამასთან, პრობლემურია ის ფაქტი, რომ საშუამავლო კომპანიების მიერ შრომით ემიგრანტებთან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები არ წარმოადგენს სერტიფიცირების შეჩერების ან გაუქმების საფუძველს. 
     
  • შრომითი მიგრაციის შესახებ კანონით განისაზღვრა სანქციები ვალდებულების დარღვევის გამო. შემოთავაზებული სანქციების ოდენობა არაპროპორციულად დაბალია (200 ლარიდან- 3000 ლარამდე)  დარღვევებთან მიმართებით, რის გამოც  მას  ვერ ექნება შემაკავებელი ეფექტი და ვერ მოახდენს დარღვევის პრევენციას.   


    
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი